FM97.5 / LIVE

პოლიციელები, პროკურორები, გამგებლები – სამცხე-ჯავახეთს კონკურენტული არჩევნები ელის

მთავარისიახლე, არჩევნები 07.10.2017
მოქმედი და ყოფილი: გამგებელი, მისი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, საოლქო კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტარი, პოლიციელი და პროკურორი – სამცხე–ჯავახეთს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცხელი არჩევნები ელის.

პოლიციელები, პროკურორები, გამგებლები – სამცხე-ჯავახეთს კონკურენტული არჩევნები ელის

2017 წლის ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებზე, სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში, მერობისთვის 32 კანდიდატი იბრძვის – 1 ქალი და 31 კაცი. 32–დან 1 დამოუკიდებელი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია, 30 კი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების.

ამ 32–დან სამი მოქმედი გამგებელია – ზაზა მელიქიძე, ახალციხეში, ზაქარია ენდელაძე – ადიგენში და ლევან ცაბაძე – ასპინძაში. თუმცა, მათგან არჩევნებში კვლავ მმართველი გუნდის სახელით მხოლოდ მელიქიძე და ენდელაძე მონაწილეობენ. ასპინძის გამგებელი, ლევან ცაბაძე, არჩევნებში საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, იგი დამოუკიდებელი კანდიდატია. მმართველ გუნდს კი მის კონკურენტად, საოლქო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, როსტომ მაგრაქველიძე ჰყავს.

ლევან ცაბაძე ერთადერთი გამონაკლისი არ არის, მათ შორის, ვინც ხელისუფლებაში „ქართული ოცნებიდან“ მოხვდა და ამ არჩევნებში „ოცნების“ კონკურენტად გვევლინება. ბორჯომში, მერობისთვის იბრძვის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც, რომელიც, ცაბაძისგან განსხვავებით, არა დამოუკიდებელი, არამედ სხვა პოლიტიკური ძალის – „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატია.

მმართველ გუნდს განუდგა კიდევ ერთი კანდიდატი – მინდია ჯელიაც, რომელიც ადიგენში გამგებლის მოადგილე იყო. ჯელია გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ თანამდებობიდან 2017 წლის 20 თებერვალს გაათავისუფლა. მისი გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი გამგებელს არასოდეს განუმარტავს, თუმცა, ადიგენის თვითმმართველობაში ამბობდნენ, რომ მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის ჩავარდნილ იმპიჩმენტს შეეწირა. ჯელიამ მისი გათავისუფლების საქმე გაასაჩივრა და პროცესი მოიგო კიდეც, თუმცა, გამგეობას საქმე ზემდგომ ინსტანციაში აქვს გასაჩივრებული და ჯერ განხილვა არ დაწყებულა. მინდია ჯელია, ადგილობირივი თვითმმართვეობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ჯერ დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა, შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა და ახლა "პატრიოტთა ალიანსის" სახელით იყრის კენჭს.

„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან მოქმედი გამგებლები კანდიდატებად მხოლოდ ორში, ადიგენსა და ახალციხეში დატოვა, დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტში კი ახალი სახეები შეარჩია.

„ოცნების“ ახალ სახეებს შორის არიან: ნინოწმინდა-ახალქალაქის რაიონული პროკურორი იურიკ უნანიანი, რომელიც ახალქალაქის მერობის კანდიდატია; ნინოწმინდის მერობის კანდიდატი, ანივარდ მოსოიანი , რომელიც ნინოწმინდის საკრებულოში განათლების კომისიის თავმჯდომარეა (ის სხვათაშორის ერთადერთი ქალია რეგიონის 32 მერს შორის); როსტომ მაგრაქველიძე – რომელიც 11 წლის განმავლობაში, 2006–დან 2017 წლის 1 სექტემბრამდე, N39 ასპინძის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო და ბორჯომის მერობის კანდიდატი – ლევან ლიპარტია, რომელიც 2007 წლიდან სხვადასხვა დროს იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების „კრედოს“, „ქართული კრედიტის“ და „კრისტალის“ ბორჯომის ფილიალების მმართველი;

მერობის კანდიდატებს შორის არიან ყოფილი პარლამენტარებიც: ვაჟა ჩიტაშვილი, ახალციხეში, ტარიელ ლონდარიძე – ასპინძაში და სამველ პეტროსიანი – ახალქალაქში. სამივე მათგანი, საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. სამივე მათგანი ახლა არჩევნებში სხვა პარტიის სახელით ერთვება.

ამ სამიდან ორი, ვაჟა ჩიტაშვილი და ტარიელ ლონდარიძე, გასული, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდნენ, ამავე პარტიის სახელით. ამათგან ერთმა, ვაჟა ჩიტაშვილმა, მმართველი გუნდის კანდიდატს, გიორგი კოპაძეს, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური ახალციხე–ადიგენში მოუგო კიდეც ( ვაჟა ჩიტაშვილი, – 44,07%, გიორგი კოპაძე 39.65%) და მეორე ტურში დამარცხდა. ორივე მათგანი ახლა არჩევნებში ახალი პარტიის, „ევროპული საქართველოს“ სახელით მონაწილეობს.

სამველ პეტროსიანმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები ჯერ კიდევ პარლამენტში ყოფნისას, 2015 წლის სექტემბერში დატოვა და საპარლამენტო უმცირესობის წევრად დარჩა. გასულ წელს მას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც სურდა, მას კანდიდატად განიხილავდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა, პარტიის სახელით მას კენჭი არ უყრია. თავად პეტროსიანი შეთავაზებას „ქართული ოცნებიდან“ ელოდა და კანდიდატად ენზელ მკოიანის დასახელებას მისი უკმაყოფილება მოჰყვა. მოგვანებით იგი მისი შვილის პარტიულ სიაში ჩასმასაც ელოდა, თუმცა, ესეც არ მოხდა. ახლა იგი კანდიდატად "პატრიოტთა ალიანსმა" წარადგინა.

ამ სამი ყოფილი პარლამენტარიდან ორი, წლების განმავლობაში ძალოვან უწყებაში მუშაობდა. ვაჟა ჩიტაშვილს 2004–2012 წლებში, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, სხვადასხვა პოზიცია ეკავა. სამველ პეტროსიანი კი 2006 წლის სექტემბრიდან ახალქალაქის პოლიციის უფროსი იყო. პეტროსიანი “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ასპარეზზე ახლადგამოჩენილი „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ნორიკ კარაპეტიანს დაუპირისპირა. საინტერესო იყო ის რომ, ორივე მათგანს ჰქონდა კავშირები ორგანიზაცია „ჯავახკთან“, პეტროსიანი მისი ყოფილი, კარაპეტიანი კი მოქმედი თავმჯდომარე იყო. იმ არჩევნებზე პეტროსიანმა 77%, კარაპეტიანმა კი 20% აიღო.

ჩიტაშვილისა და პეტროსიანის გარდა, მერობის კანდიდატებს შორის, ძალოვანი უწყებებიდან სხვა კანდიდატებიც გვხგდებიან, მათ შორის: იურიკ უნანიანი, „ქართული ოცნების“ ახალქალაქის მერობის კანდიდატი; ირაკლი ბარძიმაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის მერობის კანდიდატი და ვალერი გრიგალაშვილი – ბორჯომის მერობის კანდიდატი ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. სამივე მათგანი სხვადასხვა პერიოდში, პროკურატურაში მუშაობდნენ.

იურიკ უნანიანი ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეა. იგი 1991 წლიდან ამ დრომდე, ახალქალაქში, რაიონულ პროკურატურაში მუშაობდა , იყო გამომძიებელიც და რაიონული პროკურორიც.

საგამოძიებო უწყებებში 10–წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს ირაკლი ბარძიმაძეს. იგი იყო გამომძიებელი ასპინძაში, რიგითი პროკურორი ახალციხეში, პროკურორის მოადგილე ახალქალქში, 2008 –2011 წლებში კი ოლქის პროკურატურაში მუშაობდა.

ასევე 90–იანი წლებიდან, 1990 წლიდან, მუშაობდა პროკურატურაში ვალერი გრიგალაშვილი, ჯერ თბილისის რაიონულ პროკურატურებში, 2004 წელს თბილისის პროკურორად, 2005-2008 წლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსად.

კანდიდატებს შორის გვხვდებიან ყოფილი პოლიციელები. მაგალითად, ადიგენის მერობის კანდიდატი, გელა სარაშვილი, – „ევროპული საქართველოდან“. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში, 17 წლის განმავლობაში მუშაობდა, იყო ადიგენში რაიონული პოლიციის უფროსიც.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში მუშაობდა, ახალციხის მერობის კანდიდატი პარტიიდან „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, ჯიმშერ გოგოლაური. იგი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოში კრიმინალური პოლიციის ნარკომანიისა და ნარჯობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილბის უფროსი ინსპექტორი იყო. ასევე, მუშაობდა დაცვის პოლიციაში.

უშიშროების სფეროდანაა მამიკონ სააკიანი, რომელიც საარჩევნო ბლოკიდან „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო” ნინოწმინდის მერობის კანდიდატია. იგი ნინოწმინდაში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ნინოწმინდის მეორე სკოლაში, მასწავლებლად მუშაობს.

რა არჩევანს გააკეთებენ ადგილობრივები, ეს უკვე სულ მალე, 15 დღეში გაირკვევა. რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ახალციხეში, მეორე ტურს პროგნოზირებენ.

[ნინო ნარიმანიშვილი, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში – 11 სექტემბრის მდგომარეობით
1 ქალი და 34 მამაკაცი – მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია
სამცხე–ჯავახეთში მერობის 31 და მაჟორიტარობის 321 კანდიდატია
ვინ არიან „ოცნების“ მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები
‘პატრიოტების’ პარტიულ სიაში ბორჯომელი და ახალქალაქელი წევრები შევიდნენ