
თვითმმართველობის არჩევნებისათვის, ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილ ვადაში, 9 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“, „გიორგი ვაშაძე–ერთობა ახალი საქართველო“, „თავისუფლება– ზვიად გამსახურდიას გზა“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „შალვა ნათელაშვილი–საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა–დემოკრატიული მოძრაობა– თავისუფალი საქართველო “ და „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.
ამ ცხრა პარტიიდან საარჩევნო შტაბი მხოლოდ ოთხს აქვს: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „ქართულ ოცნებასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“. დანარჩენი ხუთი პარტიის წარმომადგენლები კი შტაბის გარეშე მუშაობენ.
თითქმის ერთი თვეა წინა საარჩევნო კამპანიაში ჩაება და მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზაზა მელიქიძემ. მმართველ პარტიას, ახალციხის ყველა მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი ჰყავს მაჟორიტარობის კანდიდატებიც.
ასევე, ყველა მაჟორიტარულ ოლქში ჰყავს დასახელებული კანდიდატები „ნაციონალურ მოძრაობას“. ახალციხის მერობის კანდიდატმა ირაკლი ბარძიმაძემ კი, უკვე თვეზე მეტია კარდაკარის პრინციპით, როგორც ქალაქის, ისე სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
ახალციხის ყველა მაჟორიტარულ ოლქში, მერობის კანდიდატთან ერთად, მოსახლეობას ხვდებიან „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანიდატებიც.
„დიდიხანი არ არის, ახლახან დავიწყეთ, მოსახლეობასთან შეხვედრები, ყველა მაჟორიტარულ ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად დავდივართ და ჩვენს პროგრამას ვაცნობთ“, – გვეუბნება „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი.
ახალციხეში, 18–იდან მხოლოდ შვიდ მაჟორიტარულ ოლქში ჰყავს მაჟორიტარობის კანდიდატები „პატრიოტთა ალიანსს“. „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი ჯუმბერ ინასარიძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიას და მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აწარმოებს.
ჩამოთვლილი მერობის კანდიდატებისაგან განსხვავებით, ახალციხეში შტაბი არ აქვთ „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ და „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველოს“ კანდიდატებს.
„მე ჩავთვალე, რომ არ იყო აუცილებელი შტაბის ქონა. ისეც კარგად ვხვდები ამომრჩეველს და ვმუშაობ“,–აცხადებს „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზის“ მერობის კანდიდატი ჯიმშერ გოგოლაური. პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატები, მხოლოდ ქალაქის სამ მაჟორიტარულ ოლქში ჰყავს.
მისგან განსხვავებით, მხოლოდ მერობის კანდიდატით არის წარმოდგენილი პარტია „გიორგი ვაშაძე –ერთობა ახალი საქართველო “. თუმცა ამ პარტიის კანდიდატი არც მედიას ეკონტაქტება და არც მისი აქტივობის ისმის რამე.
ჩამოთვლილი პოლიტიკური პარტიების გარდა, ახალციხეში კიდევ სამი სუბიექტია, რომლებსაც არც კანდიდატები ჰყავთ და არც შტაბები აქვთ, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე დაარეგისტრირეს პარტიული სიის წევრები. ეს პარტიებია: „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა–დემოკრატიული მოძრაობა– თავისუფალი საქართველო ,“ „შალვა ნათელაშვილი–საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ და “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, რომელმაც გასული არჩვენებისაგან განსხვავებით, წელს გადაწყვიტა ახალციხეში, არც მერობის და არ მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყოლოდა.
2017 წლის თვითმმართველობის არჩვენებამდე 19 დღე რჩება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]