
პატარა ნარეკს გერმანიაში სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.
სამი წლის ნარეკი დიდი, ლამაზი ბავშვია და მის დანახვაზე ვერ იფიქრებ, რომ პატარა საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებით იტანჯება. ავადმყოფობას "ფენილკეტონურია“ ჰქვია და მის დროს ირღვევა ამინომჟავების ცვლა, რაც უარყოფითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ინტელექტუალურ განვითარებას უშლის ხელს. მშობლებმა შენიშნეს, რომ ჯანმრთელი ბავშვი საკმაოდ დიდხანს არ ლაპარაკობდა და ხანგრძლივად ნორმალურად ჯდომა არ შეეძლო.
”ბავშვი ექიმთან გვყავდა, გვითხრეს, რომ არაფერი ჭირს, ბიჭები ლაპარაკს საერთოდ გვიან იწყებენ. იგი სულ ტიროდა. ერთხელ ახალქალაქში წავიყვანეთ და იქაურმა ექიმმა გვითხრა, რომ დრო არ დაგვეკარგა და პატარა სასწრაფოდ თბილისში ჩაგვეყვანა“, - გვიამბობს ნარეკის დედა გაიანე სუქიასიანი.
ერევანში ექიმებმა დაადგინეს, რომ ბავშვს თავის ტვინზე აქვს პრობლემები და დაავადება თანდაყოლილია. ახლა ნარეკი დახმარებას სახლის პირობებში იღებს. მშობლების თქმით, მკურნალობის დაწყების შემდეგ ბავშვი შესამჩნევად შეიცვალა, მას უკვე შეუძლია ნორმალურად ჯდომა, გარკვეულ ბგერებსაც გამოსცემს, სათამაშოებითაც თამაშობს და ადრინდელივით სულ არ ტირის.
ბავშვისთვის აუცილებელ წამლებს მშობლები თბილისიდან უფასოდ იღებენ, მაგრამ მას სპეციალური კვებაც სჭირდება. ფენილკეტონურიით დაავადების დროს ბავშვს ამინომჟავების ცვლის დარღვევის გამო ალანინი და ფენილომჟავები უგროვდება, რაც ორგანიზმში შხამიანი ნივთიერებების გაჩენას იწვევს. ამ დაავადებასთან ბრძოლისთვის, წამლების გარდა ბავშვს სპეციალური, ალანინებისა და ფენილომჟავების გარეშე საკვები აქვს გამოწერილი. დაავადება ავადმყოფის რაციონიდან თევზს, ხორცს, რძის პროდუქტებსა და მცენარეული ცილების შემცველ საკვებ პროდუქტებს გამორიცხავს.
ბავშვისთვის სპეციალურ საკვებს მისი მშობლები თბილისში ყიდულობენ, რადგან ახალქალაქში ეს საჭმელი არ იშოვება. ყოველთვიურად ბავშვის საკვებს 250-300 ლარი სჭირდება.
პროგრამით ”დახმარება მრავალშვილიან ოჯახებს“ სუქიასიანებმა გარკვეული თანხა მიიღეს, რაც ბავშვისთვის სპეციალური საკვების რამდენჯერმე შეძენას ეყოფა.
ბავშვის მამა არშალუის სუქიასიანი სოფელში ქვის საამქროში მუშაობს. ოჯახი არ ჩივის, მათ ყოველდღიური ხარჯების დაფარვის საშუალება აქვთ. ოჯახის ძირითადი ხარჯი ბავშვისთვის სპეციალური საკვების უზრუნველყოფაა, თუმცა, საბოლოო მკურნალობისთვის საჭიროა ნარეკის გერმანიაში წაყვანა, რისთვისაც მშობლებს სახსრები არ გააჩნიათ.
კაროიანების 7-სულიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს.
კაროიანების ოჯახის სახლთან მისულებს ეჭვი შეგვეპარა, კარი ხომ არ გვეშლებოდა, რადგან სახლის კარი ძალიან ძველი და ერთიანად დახვრეტილი იყო.
რამდენიმე ცარიელ კორიდორში გავიარეთ და სამზარეულომდე მივედით, სადაც ძველი გაზის ღუმელი და მაგიდა იდგა. დიდ სასტუმრო ოთახში ბაბუა რუბენი და სკოლამდელი ასაკის ორი პატარა ბავშვი დაგვხვდნენ, რომლებიც ძლივს მბჟუტავ ღუმელთან გათბობას ცდილობდნენ.
ბაბუა რუბენი უკვე 40 წელიწადია ვერ ხედავს. მას მხედველობას მახვილი სმენა უცვლის, რომლის წყალობითაც დახმარების გარეშე გადაადგილება შეუძლია.
”ხმის კვალზე შეხებით მივდივარ. ჩვენს სახლში სიარული შემიძლია, რადგან აქ გავიზარდე. ამას გარდა, ფეხით მოსიარულეთა გზით ჩემი ძმის სახლამდე მისვლაც შემიძლია, თუ გზა მერევა, უკან ვბრუნდები“, - ამბობს რუბენ კაროიანი.
იგი საქონელს თივასაც კი უყრის, როცა სახლში არავინაა და თივაც მომზადებულია. ბაბუა რუბენს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ყავს, მეუღლე 16 წლის წინ გარდაეცვალა. ქალიშვილები გათხოვილი ყავს და თავად ვაჟის ოჯახში ცხოვრობს.
”შეხედეთ ჩვენს მდგომარეობას, როგორ აცვიათ ჩემს შვილიშვილებს, თავი ძლივს გაგვაქვს. იმ დონეზე, რომ მხოლოდ ვარსებობთ. ხანდახან სახლში ფქვილიც კი არ არის ხოლმე. მეზობლებისგან, ნათესავებისგან ვსესხულობთ, სანამ პენსიას ავიღებ“, - გვიამბობს ბაბუა რუბენი.
კაროიანების ოჯახში 7 წევრია. 4 არასრულწლოვანი ბავშვი - ორი სკოლამდელი, ორი კი სასკოლო ასაკის. ოჯახი ბაბუას 120 ლარიანი პენსიითა და მისი შვილის, პაიცარის დაახლოებით 100 ლარიანი ხელფასით ცხოვრობს. პაიცარ კაროიანი სოფლის სკოლაში დარაჯად მუშაობს. მის მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და 4 შვილის მოვლას ძლივს ახერხებს.
კაროიანებმა დამატებითი შემოსავლის მისაღებად კარტოფილი მოიყვანეს, თუმცა, კილოგრამი 28 თეთრად ძლივს გაყიდეს.
პროგრამით ”დახმარება მრავალშვილიან ოჯახებს“ კაროიანებმა პროდუქტები და ტანსაცმელი მიიღეს.
კაროიანებისა და სუქიასიანების ოჯახები პროგრამის ”კავშირი სომხური დახმარება საქართველოს - 2011“ - ”დახმარება მრავალშვილიან ოჯახებს“ ფარგლებში მოვინახულეთ. გასული წლის შემოდგომაზე დაწყებული პროგრამის ფარგლებში, კავშირი გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ობლებსა და მარტოხელა პენსიონერებს დაეხმარა.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]