„ურია ქოლას“ ტერიტორია
ადიგენში, სოფელ წარბასთუმანში, ე.წ. თეთრი მიწების ტერიტორიაზე, დაახლოებით, ხუთი კუბური მეტრი უკანონოდ მოჭრილი სამასალე მერქანი ყრია. ათ კუბურ მეტრზე მეტი სამასალე ხე კი მოშორებითაა დასაწყობებული, ამ ადგილს ადგილობრივები „ურია ქოლას“ ეძახიან.
თეთრი მიწების ტერიტორია
წარბასთუმანში მცხოვრები ზაურ ზეინკლიშვილი ამბობს, რომ მას სატყეოში არცერთი კუბური მეტრი საშეშე მერქანი არ მისცეს, თუმცა სოფელთან ახლოს უკანონოდ მოპოვებული ათობით კუბური მეტრი ხე ხშირად ყრია.
„ეს ადგილი, სადაც ხუთი კუბამეტრი ყრია ახლა, კარიერია. აქ „ურალით“ მოაქვთ ხოლმე 12 კუბამეტრი, აგროვებენ და მერე პატარა მანქანებით ნაწილ–ნაწილ გააქვთ. გზაში ორ–სამ კუბამეტრზე თუ დააკავებენ, იმ პატარა მანქანით სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მისცემენ და ასე იმიტომ ურჩევნიათ“, – ამბობს ზეინკლიშვილი.
ზაურ ზეინკლიშვილი
მისი თქით, იქ სადაც ახლა დაახლოებით 12 კუბური მეტრი სამასალე მერქანია მოგროვებული, შედარებით მეტი იყო: „როგორც ჩანს, გაუტანიათ. ამ ხეს დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით, ჭოლოს ტყეში ჭრიან“.
ვიდრე სოფლის მიმდებარედ უკანონოდ მოჭრილ ხე–ტყეს ვიღებდით, შორიახლო არა ერთმა ადგილობრივმა გაიარა. თუმცა იმაზე საუბარი, თუ ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ეს მოჭრილი ხე, არავინ ისურვა.
„სოფელში ასე ბევრი გადის და გამოდის, ყველა ხედავს ამას, მაგრამ ლაპარაკის ეშინიათ“, – ამბობს ზაურ ზეინკლიშვილი და ამატებს, – „ვინ მოჭრა ეს ხე არ ვიცი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ამაში ხელს ადიგენის სატყეო უწყობთ, რეინჯერები და უშუალოდ სატყეოს უფროსი მამუკა კუპრაძე“.
„ურია ქოლას“ ტერიტორია
მისივე თქმით, სწორედ იმის გამო, რომ ზეინკლიშვილი ადიგენის სატყოს უფროსს ხე–ტყის უკანონოდ ჭრაში ადანაშაულებს, გუშინ ღამით მასთან „საქმის გარჩევა“ სცადეს: „ორი პიროვნება მოვიდა, მათ სახელებსა და გვარებს გამოძიებას ვეტყვი, ახლა არ დავასახელებ. ორივე არალის მკვიდრია. სატყეოს აწუხებო და ჩვენც ჩაგვიშვიო მითხრეს“.
საუბრის დეტალებზე ზეინკლიშვილი არ საუბრობს, თუმცა პირად საუბარში ამბობს, რომ საქმე ხელით შეხებამდეც მივიდა. მისივე თქმით, შესაძლოა, სოფელთან ახლოს ორნაწილად დასაწყობებული ხე ამ ორი პიროვნებიდან ერთ–ერთს ეკუთვნოდეს: „თუმცა ამას გადაჭრით ვერ გეტყვით. შეიძლება მათ სადმე სხვაგან აქვთ დაგროვებული მოჭრილი ხე, მაგრამ მე არცერთი მათგანი არ ჩამიშვია“.
თეთრი მიწების ტერიტორია
ზეინკლიშვილი ირწმუნება, რომ არცერთი მასთან მისულის შესახებ სატყეოს თანამშრომლებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია, რაც შეეხება სატყეოს შეწუხებას, ამბობს, რომ ეს ხშირად უხდება: „შარშან არცერთი კუბამეტრი საშეშე მერქანი არ მომცეს. კოდები არ არისო. რეინჯერები ბანკში იტაცებენ 100–200 კუბამერს და მერე შენ რომ მიდიხარ, აღარ გაძლევენ. არა ერთხელ მივმართე მამუკა კუპრაძეს და არ არის ხეო, არ მაძლევენ“.
მამუკა კუპრაძე ამბობს, რომ მისთვის ზეინკლიშვილს ხის გამოყოფის მიზნით არასდროს მიუმართავს. თუმცა იმას ადასტურებს, რომ ტელეფონით ესაუბრა: „ველაპარაკე, მაგრამ შეშა არ მაქვს და მომეციო, არ უთქვამს. ახლა რომ ვინმეს დასჭირდეს შეშა, მაქვს ნაშთები და მივცემ. ასევე, ახალ ტყეკაფებს და ნუმერაციას ვაკეთებთ“.
კუპრაძე ზეინკლიშვილის მიერ გაჟღერებულ ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს: „ეს არის პროვოკაცია! რა, მე გამომაქვს ხე–ტყ,ე ან ვინმეს ვაჭრევინებ?! ტყუის ეს კაცი. მე არც არავინ მიმიგზავნია მისთვის საქმის გასარჩევად, სრული სიცრუეა!“
მამუკა კუპრაძერაც შეეხება უკანონოდ მოჭრილ ხე–მასალას, კუპრაძე ამბობს, რომ ამის შესახებ ჯერ მას ინფორმაცია არ აქვს: „უცნობია ეს ფაქტი. სანამ არ გავარკვევთ რომელი ტყიდან გამოვიდა და სად არის დასაწყობებული, მანამდე ვერაფერს გეტყვით“.
შეკითხვაზე, როგორ შეიძლება დღეები განამვლობაში უკანონოდ მოჭრილი ხე გროვდებოდეს სოფელთან და რეინჯერმა ამის შესახებ არ იცოდეს, კუპრაძე გპასუხობს: „ეს არის ღია საწყობი, რომელშიც ყველას შეუძლია შესვლა და გამოტანა. მყავს ტყის მცველი, რომელიც ვალდებულია დაიცვას ტერიტორია, მაგრამ ეს ხე ღამით გამოტანილი იქნება. ღამით ვერ, მაგრამ დღისით ამას რეინჯერი გაიგებდა“.
ადიგენის სატყეო უბნის უფროსი ამბობს, რომ წარბასთუმნის ტერიტორიაზე მიმდინარე კვირაში ბრაკონიერობის ორი ფაქტი გამოავლინეს: „ხშირად ვადგენ ოქმებს. ბოლო ორი შემთხვევა რეინჯერებთან ერთად მე თვითონ გამოვავლინე“.
[თამუნა უჩიძე, ადიგენი]