
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთში დაახლოებით 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში ახალგაზრდები აღარ ჩერდებიან, რადგან ამისთვის პირობები არ არის. სოფელს სხვაც არაერთი პრობლემა აქვს.
ხეოთში ადგილობრივები თავს ძირითადად მიწის დამუშავებით ირჩენენ. მაგრამ, ამბობენ, რომ მიწის დასამუშავებლად საკმარისი ტექნიკა არ აქვთ. საბოლოო ჯამში მიწის დამუშავება ძვირი ჯდება, მოყვანილი პროდუქტის რეალიზება კი სჭირს.
’’ჩვენს სოფელს ყურადღებას არავინ აქცევს, არადა უამრავი პრობლემა გვაქვს”, - გვეუბნება სოფელ ხეოთში მცხოვრები თემურ ნებაძე.

ხეოთში მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ სოფელში ყველაზე მეტად უმუშევრობა აწუხებთ. ამის გამო სოფლიდან ახალგაზრდები მიდიან.
’’ჩვენს სოფელში თავის რჩენა ძნელია, ახალგაზრდები აღარ დარჩნენ, იმიტომ, რომ ვერსად მუშაობენ”, - ამბობს ხეოთში მცხოვრები ნანული ბექაური.
ხეოთში, მიწისძვრის შედეგად, რამდენიმე ოჯახს სახლი დაუზიანდა. დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ არაერთხელ დაჰპირდნენ დახმარებას, მაგრამ ჯერ არავის არაფერი გაუკეთებია.
”როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგნითაც. კედლები დაბზარულია. ვის აღარ ვთხოვე დახმარება, გამგეობაშიც კი ვიყავი, მაგრამ უშედეგოდ. ყურადღებას არავინ გვაქცევს” , -ამბობს სონა კოჟორიძე.
სოფელში არც საბავშო ბაღი აქვთ, არც კლუბი, არც მაღაზია...
’’ელემენტარული, აუცილებელი, საკვები პროდუქტები ხომ გინდა, მაღაზიაც არ არის”, - გვეუბნება ნადია გვრიტიშვილი.
სოფლისთვის აუცილებელი დაწესებულებების ჩამონათვალს ია ჯინჭველაძე აგრძელებს: ”სოფლს ექთანი კი ჰყავს, მაგრამ პირველადი დახმარების წამლები არ აქვს. არც სამედიცინო პუნქტია აქვს. გზაც ისეთია, სასწრაფო ვიდრე ამოვა, ადამიანი კვდება”.
ცუდი გზა საფრთხეს მხოლოდ ავადმყოფებს როდის უქმნის. ხეოთში ამბობენ, რომ ცუდი გზის გამო სოფლიდან ახალციხეში ტრანსპორტი ყოველდღე არ დადის. ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას მიკროავტობუსი სოფლიდან დილით გადის და 4 საათზე უკან ბრუნდება.
’’ქალაქში ხშირად მიწევს წასვლა, აბიტურიენტი ვარ და ვემზადები. ზოგჯერ, თუ ცოტა მგზავრია, ’’მარშუტკა’’ არ მიდის და ფეხით მიწევს სოფელ ურაველამდე ჩასვლა. მერე ურაველის ტრანსპორტს მივყვები ახალციხეში” , - გვეუბნება ხატია სუდაძე.

ხეოთის მიკროავტობუსის მძღოლი დათო ბექაური ამბობს, რომ ცუდი გზისა და მგზავრების სიმცირის გამო ქალაქში ყოველდღე ვერ ივლის: ’’გზები ძალიან ცუდია და ხალხიც არ დადის. იმდენსაც ვერ ვიღებთ, რომ საწვავი ჩავასხათ. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ სამი ადამიანს გამო არ წავსულვარ”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი ამბობს, რომ სოფელ ხეოთის გზას კაპიტალური რემონტი ესაჭიროება: ’’ველაპარაკე ხეოთის გამგებელს და განვიხილეთ, თუ როგორ გაკეთდება ეს გზა. გეგმაში გვაქვს და როგორც კი ამინდები მოგვცემს საშუალებას, სამუშაოებს დავიწყებთ”.
რაც შეეხება სოფლის ექთანსა და სამედიცინო პუნქტს, ხითარიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში ამ საკითხზე იმსჯელეს.
”შევიმუშავეთ ასეთი პროგრამა, რომ ყველა სოფელს ჰყავდეს თავის ექთანი. მოვამზადებთ პროექტს, რომელიც წარდგება საკრებულოში და დამტკიცების შემდეგ, სოფლებში იარსებებს შენობა, ეყოლებათ ექთანი და ექნებათ ყველაფერი პირველადი დახმარებისთვის”, - გვარწმუნებს ბესიკ ხითარიშვილი.
რაც შეეხება მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახებს, ხითარიშვილი ამბობს, რომ სამი წლის წინ დაარალებულების დასახმარებლად დღეს თანხების გამოყოფა იურიდიულად რთული იქნება. თუმცა, ვინც სოციალურად დაუცველია, მათ პროგრამაში ჩასვამენ და შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]