FM97.5 / LIVE

“მთავარია ძიება, რისი გაკეთება შეგიძლია”

მთავარიSK TV » რეპორტაჟი 16.05.2012
“ალბათ ძალიან უბედურად ვიგრძნობდი თავს, სპორტსმენობაზე და ჩოგბურთის თამაშზე რომ მეოცნება და თან მცოდნოდა, რომ ჩოგბურთის თამაშს ვერასდროს შევძლებ. ალბათ მოვძებნიდი საქმეს, რომლის კეთებაც შემეძლებოდა და აუცილებლად ვიპოვნიდი”...

20 წლის ახალქალაქელი ანაიდ აბაჯიანი ფოტოკონკურსზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონებისთვის “მის სილამაზე 2012” ტიტულის მფლობელი გახდა. რამდენიმე წელია სომხეთში ამ კონკურსს საზოგადოებრივი ორგანიზაცია “უნისონი” და ამერიკული ფონდი “პაროსი” რეგულარულად აწყობს.

- “პირველად ძალიან გამიჭირდა, ვეჭვობდი, საერთოდ შევძლებდი თუ არა. ბოლოს ვიფიქრე, რატომაც არა, თუ ასეთი შესაძლებლობა არსებობს. გარემო ძალიან თბილი და მყუდრო იყო, რათა თავი ცუდად არ გვეგრძნო. ეს იყო 2010 წელს, მაშინ წამახალისებელი პრიზი მივიღე. მეორედაც მიმიწვიეს და ერევანში ასე გავემგზავრე. იმ დროს, როცა მხოლოდ ორნი დავრჩით და გამარჯვებული უნდა გამოეცხადებინათ, ჩემი სახელის გამოცხადებას არაფრით ველოდი და როცა ეს მოხდა, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი”, - გვიამბობს ანაიდი.

ანაიდს მიოპათია, კუნთების ნერვული დაავადება აქვს და ეტლით გადაადგილდება. გოგონა მხნეობას და საკუთარი ძალების რწმენას არ კარგავს და სირთულეებსაც წარმატებით უმკლავდება.

- “ვერ ვიტყვი, რომ ასეთი ვიყავი და ჩემს მდგომარეობას მაშინვე შევეგუე. რასაკვირველია, სირთულეები მქონდა. ადამიანების მხრიდან მიუღებლობის შეგრძნება ძალიან მოქმედებს, თუ სუსტი ხასიათი გაქვს, ალბათ ვერც გაუძლებ, მაგრამ საჭიროა წინ ყურება, აღქმა, რომ ასეთი ხარ და ძიება, რისი გაკეთება შეიძლება. ადრე ვფიქრობდი: სიარული არ შემიძლია და რა უნდა გავაკეთო?! როგორ ვიარო წინ, რომ სიარულის უუნარობამ ხელი არ შემიშალოს?”, - ამბობს ანაიდი.

აქტიურად ცხოვრებისა და გულგატეხილობის დამარცხების სტიმული ანაიდ აბაჯანიანს უფროსმა ძმამ მისცა.

- “ძმაც სავარძელს იყო მიჯაჭვული. მის სიძლიერეს რომ ვხედავდი, ავადმყოფობა ჩემთვის სიურპრიზი აღარ იყო. პატარაობიდანვე ვხვდებოდი, რომ რადგან სუსტი სხეული მქონდა, სხვებივით სირბილს ვერ შევძლებდი, ამისთვის მომზადებული ვიყავი. ალბათ ადამიანს, ვინც რაიმე შემთხვევის, რაიმე ავარიის შედეგად მიეჯაჭვება სავარძელს, ჩემთან შედარებით ბევრად გაუჭირდება”, - ამბობს იგი.

საღამოობით ანაიდის სახლში ახლომდებარე ქუჩებიდან ახალგაზრდები იკრიბებიან. მათ ცენტრში მოვლილი, გრძელთმიანი ანაიდი ზის და ყველას თავისი საინტერესო, მრავალმხრივი განვითარებულობით იზიდავს. გოგონა თანატოლებს შორის აშკარა ლიდერული უნარებით გამოირჩევა. ანაიდს სხვადასხვა სახის ტექნიკა აინტერესებს, სოციალური ქსელებით სარგებლობს, ფოტოშოფში მუშაობს, ფოტოების გადაღება იტაცებს და წერა უყვარს.

ანაიდი ამბობს, რომ მან კარგად გააცნობიერა რომ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია თვითრეალიზაცია და აუცილებელი არ არის, ეს ყველამ ერთნაირად გააკეთოს. მან ეს მწერლობაში მოახდინა: “იქამდეც ვწერდი, სანამ წიგნის დაწერის სურვილი გამიჩნდებოდა. ადამიანები, ვინც ჩემს ნაწერებს კითხულობდნენ, მეუბნებოდნენ, რომ წაკითხულმა მათზე შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგ მივხვდი, რომ თუ საკუთარი აზრებით ვინმეში რაიმე ცვლილების მოხდენა შემიძლია, ეს უკვე გამარჯვებაა”.

ანაიდი ლექსებს წერს და ფილოსოფიურ ჩანაწერებს აკეთებს. სამომავლოდ წიგნის გამოცემას და ახლის დაწერასაც აპირებს. უკვე თითქმის დაწერილ წიგნში ანაიდს ზოგჯერ ცვლილებები შეაქვს, მის ცხოვრებაში მომხდარი კარგი ან ცუდი ამბების შესაბამისად, თუმცა, წიგნის ძირითადი აზრი ერთია – როგორ უნდა იცხოვრო, თუ შენი შესაძლებლობები შეზღუდულია:
“წიგნში პროზაც არის და ლექსებიც. მინდოდა წიგნის მეშვეობით საკუთარ თავზე მეამბნა. მინდა ინვალიდებს დავანახო, რომ რაღაცის მიღწევა მათაც შეუძლიათ. ჯანმრთელ ადამიანებს კი მინდა ვუთხრა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის აუცილებელია პირობების შექმნა, შესაძლებლობების შეთავაზება. და ეს არც ისე რთული გასაკეთებელია. მინდა მათ იცოდნენ, რომ ჩემნაირი ადამიანები მათი თანასწორები არიან”.

ფოტოკონკურსში მოპოვებულმა გამარჯვებამ ანაიდს მეტი სტიმული მისცა. მას მუშაობა უნდა, მაგრამ ახალქალაქში პერსპექტივები არ გააჩნია. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონას უნდა ფილმის გადაღება, ფოტოგრაფირება, მეგობრებთან ურთიერთობა, მუშაობა და საერთოდაც, თავის სრულფასოვან მოქალაქედ შეგრძნება.

- “შევძლებდი სარეკლამო სააგენტოში მუშაობას. შემიძლია ვაკეთო ისეთი საქმე, რომელშიც საკუთარ აზრებს ჩავდებ. ახლახანს ფოტომოდელების კასტინგზე მიმიწვიეს. სამუშაო მცირეხნიანი იქნება, მაგრამ ესეც საქმეა. კასტინგი სომხეთში, ერევანში ჩატარდება”, - ამბობს იგი.

ანაიდს უფროსი, დაოჯახებული და ჰყავს, ძმა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. მშობლები მესამე შვილს თავს ევლებიან. მათი ერთადერთი თხოვნა და სურვილია, გარემონტდეს ერთ-ერთი ქუჩა, რომლის გადაკვეთაზეც მათი სახლი დგას, რათა ანაიდმა სახლიდან გასვლა შეძლოს. ნაზარეთიანისა და ერევანიანის ქუჩები წვიმის დროს უზარმაზარი ტბორებით ივსება, სიმშრალეში კი ორმოებითაა მოფენილი.

- “მე და ანაიდი დედა-შვილი კი არა, მეგობრები ვართ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება სინამდვილეში ძალიან პატარაა – ნაზარეთიანის ან ერევანიანის ქუჩების მოასფალტება. ერთ-ერთი მაინც გაარემონტონ. ჩვენ ერევანში გვიხდება ანაიდის წაყვანა, რათა მან თავი სრულფასოვნად იგრძნოს”, - ამბობს ანაიდის დედა წოვინარ აბაჯიანი.

ანაიდ აბაჯიანს თავისი მხარე ძალიან უყვარს, მაგრამ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებლად მიიჩნევს დიდ ქალაქში გადასახლებას, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობები არსებობს: “ქუჩაში ვერ გავდივარ, რადგან გზები მოუწესრიგებელია. ეკლესიაში წასვლაც არ შემიძლია. ჩემი სავარძლითYმეგობრებთან ერთად ვერ ვსეირნობ. სასურველია, რომ გზები სწორი იყოს, რათა რესტორანში ან კაფეში შევძლო წასვლა. იყოს პანდუსები, რომ მასზე ასვლა შემეძლოს და ხალხმა დაინახოს და იცოდეს, რომ ინვალიდს სახლში ჯდომის გარდა სუფთა ჰაერზე სეირნობაც შეუძლია”.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რთული, მაგრამ ბედნიერი 34 წელიწადი  – ცხოვრება დაუნის სინდრომით
ფორმალური პანდუსების ქალაქი – ნატო ინასარიძის ბლოგი
‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს
კუთვნილი, მაგრამ მიუწვდომელი პენსია
დრო რომ უკან დაბრუნდებოდეს...
განათლება გოგონებისათვის
‘ვისწავლოთ ჩვენი აუტისტი შვილებისგან’ – აუტისტის დედის წერილი ახალციხიდან