
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ახალციხელთა 11% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო კურსი უნდა იყოს, ცალსახად, პრორუსული; 18% კი ფიქრობს, რომ კურსი უნდა იყოს პრორუსული, თუმცა, უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან.
ცალსახად პროდასავლური კურსის მომხრეა, ახალციხეში გამოკითხულთა 20%; 46%–ს კი მიაჩნია, რომ კურსი უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა, უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან.
ჯამში, გამოკითხულთა თითქმის მესამედი, 29 % პრორუსული კურსის მომხრეა, ხოლო პროდასავლური კურსის მომხრეა გამოკითხულთა 66%.
რაც შეეხება იგივე მონაცემებს, ქვეყნის მასშტაბით, გამოკითხულთა 18% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული, თუმცა ქვეყანამ კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს ევროკავშირთან და ნატოსთან. გამოკითხულთა 9% კი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული. ჯამში, პრორუსული კურსის მომხრე 27 %–ია.
გამოკითხულთა 12% ფიქრობს, რომ ქვეყანა პროდასავლური მიმართულებით უნდა განვითარდეს და 54% ამბობს, რომ ქვეყანა პროდასავლური მიმართულებით უნდა განვითარდეს, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიეერთობა რუსეთთან. ანუ, ქვეყნის პროდასავლურ კურსს, გამოკითხულთა 66% ემხრობა.

2016 წლის განმავლობაში, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ქვეყნის ცალსახად პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს, დაკლებულია, – მარტში ასეთი 14% იყო, ივნისში 13% და ნოემბერში 12%–ია. შესაბამისად, მომატებულია პრორუსული კურსის მომხრეთა რიცხვი, – მარტი – 5%, ივნისი –6%, ნოემბერი 9%.
მარტიდან ნოემბრამდე, 2%–თაა მომატებული იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა, ქვეყანამ კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს რუსეთთან, მარტი – 52%, ივნისი – 48%, ნოემბერი – 54%;
ასევე, იგივე ზრდის მაჩვენებელია მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის კურსი უნდა იყოს პრორუსული, თუმცა, კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს ევროკავშირსა და ნატოსთან, – მარტი – 16%, ივნისი – 20%, ნოემბერი – 18%;

ამ გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით და 31% მიაჩნია, რომ ქვეყანას მეტი სარგებელი ექნება, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
ხოლო რაც შეეხება
უმცირესობათა დასახლებებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სანაცვლოდ, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას გამოკითხულთა 50% ემხრობა. (50% ფიქრობს, რომ ასე ქვეყანა მეტ სარგებელს მიიღებს). უმცირესობათა დასახლებებში მხოლოდ 28% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით.
ახალციხეში, ქვეყნისთვის მეტ სარგებელს ელიან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით – 60% ფიქორობს ასე და 25% ფიქრობს, პირიქით – ქვეყანას მეტი სარგებელი ექნება, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეს შედეგები დღეს გახდა ცნობილი.
გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]