FM97.5 / LIVE

ამომრჩეველთა ნიჰილიზმი და ერთი ხმის ძალა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, მე ვირჩევ 31.08.2016
საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ამომრჩეველთა ნაწილი არჩევნებზე წასვლას გეგმავს, ნაწილი კი არა. ორივე ნაწილს თავისი არგუმენტები აქვს, პოლიტოლოგები კი მათ არგუმენტებს ცალსახა პოზიციას უპირისპირებენ – ყველა ხმა ძალაა – ამბობენ ისინი და მოსახლეობას აქტივობისკენ მოუწოდებენ.

ამომრჩეველთა ნიჰილიზმი და ერთი ხმის ძალა

2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან რიგით 28–ე არჩევნები გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობამ პარლამენტის ახალი შემადგენლობა უნდა აირჩიოს. კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უფლებაა, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების არჩევაში. თუმცა მოქალაქეობრივი ვალი, რომელიც არჩევნების დღეს, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას გულისხმობს, საქართველოს მოსახლეობის ნაწილის მხრიდან შეუსრულებელი რჩება.

საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსა და მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, რომელიც 2016 წლის 13 აპრილს გამოქვეყნდა, გამოკითხულთა 34% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ხოლო იმ 66% – დან, ვინც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, 52% – მა არ იცის ვის მისცემს ხმას.

იმედგაცრუების შედეგი და დაკარგული ხმის საფრთხე

რას ფიქრობენ არჩევნების შესახებ ახალციხის მცხოვრებლები და გეგმავენ თუ არა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მისვლას, ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭემ" მოსახლეობა გამოკითხა. ქუჩაში შემთხვევით შერჩეული 20 გამოკითხულიდან, უმეტესობამ გვითხრა, რომ არჩევნებზე მიდის, თუმცა იმედი, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება, არ აქვს.

„არაფერი იცვლება, მაგრამ, მე მაინც მივდივარ“, – ამბობს ადგილობრივი მაია ნიკადიმოვა.

მისგან განსხვავებით, ოპტიმისტურადაა განწყობილი რუსუდან კაპანაძე, რომელიც ამბობს, რომ წინა წლებში ხმის მისაცემად არ დადიოდა: „არჩევნებზე მისვლას ვაპირებ. ზოგადად, არაფერი იცვლება ხოლმე ქვეყანაში არჩევნების შემდეგ, მაგრამ ახლა მჯერა, რომ შეიცვლება“.
„პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევი, არც არჩევნებზე მივალ. არ მინდა და არ მივალ!“ – კატეგორიულია შუახნის მამაკაცი.

„მე საერთოდ არ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას. იმიტომ, რომ იაჰოვას მოწმე ვარ და ღმერთს მივეცი ჩემი ხმა“, – გვეუბნება კიდევ ერთი რესპონდენტი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებით, საქართველოში გამართულ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა ცვალებადია. საშუალო მაჩვენებლით კი არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე, ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარი მიდის.

ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი წლების მიხედვით

ამომრჩეველთა ნიჰილიზმი და ერთი ხმის ძალა


მოსახლეობის პასიურობას ადგილობრივების ნაწილი იმედგაცრუებით ხსნის.

„ხალხი არ მიდის არჩევნებზე, იმიტომ, რომ ნდობა აქვს დაკარგული. უნდა მოინდომონ პარტიებმა და აღიდგინონ ნდობა. მე ოპოზიციაში ვარ, იმიტომ, რომ მთავრობამ ვერ გაამართლა“ ,– განმარტავს ახალციხელი გოჩა წიკლაური.

„არც მივალ და არც ხმას არავის მივცემ. ჩემი გოგოს საბუთები დამაქვს წლებია და არავინ დამეხმარა. არ მივალ მაგ არჩევნებზე!“ – ამბობს სოფელ სხვილისის მცხოვრები.

პოლიტოლოგ უჩა ბლუაშვილს ადგილობრივების იმედგაცრუების ნაწილობრივ ესმის, თუმცა, ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის არმიღებას ვერცერთი არგუმენტი ვერ ამართლებს: „ვიცი საზოგადოების დიდ ნაწილს პოლიტიკური აპათია დაემართა, იმის გამო, რომ ამდენ არჩევნებში ვერცერთმა მთავრობამ ვერ გაამართლა. ეს იმიტომ, რომ ჩვენ არჩევანის გაკეთება გვიწევს არა კარგსა და უკეთესს, არამედ ცუდსა და უარესს შორის. მაგრამ არჩევნებში მაინც უნდა მივიდეთ და დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა. ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც არჩევნები არ ყალბდება. ამიტომ, თითოეული ხმის არ მიცემა ნიშნავს მეტი შანსი მისცე გამყალბებლებს, რომ შენი ხმა გამოიყენონ“.

უჩა ბლუაშვილის მსგავსად, დაკარგული ხმის საფრთხეზე საუბრობს ადგილობრივი ნანა გიგუაშვილი: „ეს ყოველთვის ასე ხდებოდა – თუ არ მიხვალ არჩევნებზე, შენს ხმას სხვა გამოიყენებს, ამიტომ წასვლას ვაპირებ. ჩემი ხმა მე მეკუთვნის და არავის არასდროს მივცემ საშუალებას, რომ ჩემი ხმა არ დაფიქსირდეს. დემოკრატიულ სახელმწიფოში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ მართოს ქვეყანა“.

ზოგან მოქალაქეობრივი ვალი, ზოგან კი იურიდიული ვალდებულება

ქართული კანონმდებლობა, იურიდიული თვალსაზრისით, არჩევნებზე მისვლის აუცილებლობას არ მოიცავს. სასურველი სუბიექტისათვის ხმის მიცემა პიროვნების მხოლოდ უფლება და მოქალაქეობრივი ვალია.

იმისათვის, რომ არჩევნები შეესაბამებოდეს ევროპის კონსტიტუციური მემკვიდრეობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, რომლებიც ნებისმიერი ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოების საფუძველს ქმნიან, დაცული უნდა იქნეს ხუთი ძირითადი მოთხოვნა: არჩევნები უნდა იყოს საყოველთაო, თანასწორი, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტი ნინო რიჟამაძე ამბობს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მნიშვნელოვანი როლი არჩევნების სამართლიანობას ენიჭება: "არჩევნები რომ იყოს სამართლიანი, იგი უნდა ჩატარდეს პერიოდულად და უნდა იყოს ფარული. მასში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს ყველა იმ ამომრჩეველს, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ეს უნდა განახორციელოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა ადმინისტრაციამ. არჩვენები საყოველთაო რომ იყოს, მნიშვნელოვანია არჩევანის უფლება განახორციელოს საქართველოს ყველა მოქალაქემ და არა მხოლოდ რამდენიმემ. მაგალითად, შერჩევით რომელიმე პარტიის მხარდამჭერმა“.

საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია, რომ არჩევნებზე "უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“, რაც გარკეულ წილად აისახება არჩევნების დროს ამომრჩეველთა დაბალ აქტივობაზე, რადგან მათ აქვთ "თავისუფალი ნების“ პირობები, იურიდიული ვალდებულებების გარეშე.

დასავლეთ ევროპის რიგ განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში კი ხმის მიცემა ამომრჩეველისათვის სავალდებულოა. თუმცა დაუშვებელია მოთხოვნა, რომ ამომრჩეველმა რომელიმე კონკრეტული კანდიდატი შემოხაზოს. იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივა, სპეციალური სანქციები მოქმედებს. ასეთი ქვეყნებია: ბრაზილია, ავსტრალია, სინგაპური, პერუ, ბოლივია, ტაილანდი, შვეიცარია, თურქეთი, ლუქსემბურგი, კვიპროსი, ჩილე, ლიხტენშტეინში, პანამა, საბერძნეთი, არგენტინა.

არჩევნებზე მისვლა სავალდებულოა, თუმცა სანქციებით არ ისჯება კოსტა - რიკაზე, ვენესუელაში, დომინიკის რესპუბლიკაში. პირველი ქვეყანა, სადაც სავალდებულო არჩევნების პრაქტიკა დაინერგა, ბელგია იყო.

ნინო რიჟამაძის განმარტებით, ქართულ რეალობაში, არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა იმაზეა დამოკიდებული, ვინ უნდა აირჩიონ: „2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკმაოდ მაღალი იყო აქტივობა. 61%–ზე მეტი, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კი 43% დაფიქსირდა, დაბალი აქტივობა. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის. სავალდებულო რაოდენობა, რომელიც განსაზღვრავს როდის ითვლება არჩევნები ჩატარებულად და როდის არა, არ არსებობს“.

რას ცვლის ერთი ხმა

ისტორიაში არსებობს საყოველთაოდ ცნობილი, დადასტურებული ფაქტები, როდესაც ერთმა ხმამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

1645 წელს ერთმა ხმამ ოლივერ კრომველს ინგლისის კონტროლი მოუტანა;
1646 წელს ერთი ხმა ინგლისის მეფე ჩარლზ I-ს სიკვდილით დასჯა დაუჯდა;
1776 წელს ერთი ხმის წყალობით ამერიკაში გერმანული ენის ნაცვლად ინგლისური დამკვიდრდა;
1839 წელს ერთმა ხმამ გადაწყვიტა მასაჩუსეტსის გუბერნატორად მარკუს ნორტონის არჩევა;
1845 წელს ერთმა ხმამ გადაწყვიტა ტეხასის შტატების შემადგენლობაში შესვლა;
1868 წელს ერთმა ხმამ გადაარჩინა პრეზიდენტი ანდრიუ ჯონსონი იმპიჩმენტს;
1876 წელს ერთი ხმით გახდა რეზერფორდ ჰეისი ამერიკის შეერთებული შტატებისპრეზიდენტი;
1924 წელს ერთი ხმის წყალობით მოიპოვა ადოლფ ჰიტლერმა ნაცისტურ პარტიაზე კონტროლი;
1995 წელს ერთი ხმით მოუგო ირაკლი ბათიაშვილმა ირაკლი მაჭავარიანს ვაკის მაჟორიტარული არჩევნები.

1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. დეკლარაციის შესრულება სავალდებულოა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოსათვის.

მუხლი 21: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა – გამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ხალხის ნება მთავრობის ძალაუფლების საფუძველია: ეს ნება გამოხატული უნდა იყოს პერიოდული და ჭეშმარიტი არჩევნების მეშვეობით, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო და თანასწორ ხმის უფლებას და უნდა ჩატარდეს ფარული კენჭისყრით, ან ხმის მიცემის ექვივალენტური თავისუფალი პროცედურების გამოყენებით”.

„არჩევნები დემოკრატიის მინიმუმია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარებით დემოკრატიის საბოლოოდ გამარჯვებასა და კეთილდღეობას არ უნდა ველოდეთ. არჩევნები მხოლოდ რთული გზის დასაწყისი იქნება, მაგრამ ამ ნაბიჯის გარეშე ამ გზას ვერასდროს შევუდგებით“, – განმარტავს ფილოსოფიის დოქტორი, ჰამბურგისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების თანამშრომელი დავით აფრასიძე და ამატებს, რომ – „დემოკრატიულ სახელმწიფოში ნებისმიერი პოლიტიკური ხელისუფლება მომდინარეობს ხალხისაგან, შექმნილია ხალხისათვის და კონტროლდება ხალხის მიერ“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]

ამომრჩეველთა ნიჰილიზმი და ერთი ხმის ძალაამომრჩეველთა ნიჰილიზმი და ერთი ხმის ძალა
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NDI: 34% საპარლამენტო არჩევნებზე მისვლას არ აპირებს
'სამართლიანი არჩევნები': ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია
'მე ვირჩევ' – ყველაფერი არჩევნების შესახებ
'გააჩნია რა ამინდი იქნება, თუ იწვიმა, არ წავალ' – ხალხის აზრი არჩევნებზე [გამოკითხვა]
არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებით 521 მსჯავრდებული ისარგებლებს
ცირა მესხიშვილი: ‘შეიძლება თვითმართველობის არჩევნებზე მოსახლეობა საერთოდ არ მივიდეს’
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა