ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ისევ გაურემონტებელ სკოლაში მოუწევთ. სკოლის რეაბილიტაცია, რომელსაც აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (“Millennium Challenge Corporation- MCC”) აფინანსებს, გაურკვეველი დროით გადაიდო. მიზეზი ჩაშლილი ტენდერია.
სკოლის ხელმძღვანელობამ შენობის დაცლა 5 აგვისტოს დაიწყო, მერხები სკამები, დაფები და სხვა სასკოლო ნივთები, მესამე საჯარო სკოლისა და გამგეობის ყოფილ შენობაში გადაზიდეს. როგორც სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური განმარტავს, შენობის დაცლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტელეფონით დაურეკეს და უთხრეს სკოლა დაეცალათ, თუმცა ვინ დაურეკა, ან რომელი კომპანიიდან, ვერ აკონკრეტებს. სკოლის შენობის დაცლის შესახებ მანვე ჩააყენა საქმის კურსში ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრიც.
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ვინ დამირეკა, მითხრეს სკოლის რემონტს ვიწყებთ და შენობა დაცალეთო. პრობლემა არ არის, სკოლის შენობას რეაბილიტაცია აუცილებლად ჩაუტარდება, უბრალოდ დროში გადაიწია. პირველი ტენდერი ჩაიშალა, სატენდერო პროცესის გაუქმების მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი ფასი აღემატებოდა სავარაუდო ბიუჯეტს“, – ამბობს ჟუჟუნა გოგოლაური.
მისი თქმით, შენობის დაცლას ინვენტარისგან ორი დღე მოანდომეს, მერხების და სკამების გატანაში კი უსასყიდლოდ, ამავე სკოლის კურსდამთავრებულები დაეხმარნენ: „ბოლომდე არც კი გვქონდა გატანილი. ყველა ნივთი უკვე მოვიტანეთ, ადგილზეა და ხვალისთვის მზად იქნება ყველა საკლასო ოთახი. როდესაც გადაწყდება სკოლის რეაბლიტაციის თარიღი, ჩვენ დაველოდებით განათლების სამინისტროსგან ოფიციალურ წერილს და ამის შემდეგ დავცლით ისევ სკოლას. ეს სავარაუდოდ ოქტომბერში იქნება“.
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ, თუმცა კომენტარისთვის ისევ სკოლაში გვამისამართებენ.
„ჩემი ინფორმაციით, სკოლა მზად არის სასწავლო წლის დასაწყებად, დანარჩენ დეტალებზე მიმართეთ სკოლას. მე ამჟამად შვებულებაში ვარ“, – განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ.
რატომ დაიწყეს სკოლის დაცლა იქამდე, ვიდრე ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდებოდა და ვისი მოთხოვნით, ინფორმაცია არ აქვთ არც აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებს.
„ამის შესახებ სკოლის დირექციას უნდა მიმართოთ. ჩვენი ორგანიზაცია არ არის უფლებამოსილი, გავცეთ ბრძანება ან დავავალოთ დაცალონ სკოლა. სკოლის დაცლის გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი, სავარაუდოდ, სამინისტროსთან შეთანხმებით“, – ამბობს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი გიორგი კოპალეიშვილი.
აღნიშნულ საკითხზე პასუხი ვერ მივიღეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგანაც.
როდის დაიწყება სკოლის რეაბილიტაცია და რამდენია გამოყოფილი, ამ ეტაპზე კონკრეტული რიცხვები უცნობია. თუმცა ის, რომ ახალციხის N1 საჯარო სკოლა 2015–2016 წლების სარეაბილიტაციო სკოლების სიაშია ჩასმული, გადაწყვეტილია. გადაწყვეტილია ისიც, რომ რეაბილიტაცია შემოდგომით დაიწყება.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის გიორგი კოპალეიშვილის განმარტებით, ზუსტი თარიღი მხოლოდ ტენდერის წარმატებით დასრულების შემდეგ გაირკვევა.
რაც შეეხება რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ თანხას, გვპასუხობს: „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის შესყიდვების წესების მიხედვით, ტენდერის ღირებულება კონფიდენციალურია ტენდერის მიმდინარეობის დროს და გასაჯაროვდება მხოლოდ ტენდერის დასრულების შემდეგ“.
მისივე თქმით, მთლიანობაში 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის საქართველო აშშ–ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან 54 მლნ. აშშ დოლარს მიიღებს, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.
სკოლების რეაბილიტაციისთვის გამარჯვებული კომპანიების გამოსავლენად ტენდერები ეტაპობრივად ცხადდება. ამ ეტაპზე ტენდერი 8 სკოლის რეაბილიტაციისთვისაა გამოცხადებული. პირველი ტენდერი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში გამოცხადდა, ჩაიშალა.
ხელახალი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 15 სექტემბერს, სატენდერო წინადადებების მიღება კი დასრულდება 5 ოქტომბერს.
პირველ საჯარო სკოლაში რეაბილიტაციისთვის მზადებას კვლავ განაგრძობენ. ამ ეტაპზე სარდაფებს ძველი მერხებისა და სკამებისგან ათავისუფლებენ.
„კომისია უნდა შევქმნა, მოვიწვიო აუდიტი, შევაფასებინო და აუქციონზე გავყიდოთ“, – ამბობს ჟუჟუნა გოგოლაური.
სარდაფიდან გამოტანილი მერხები, რომლებსაც აუქციონზე გაყიდიან[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]