სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2014 წლის 4 მარტს, შეავსო, მეორედ კი 2015 წლის 9 მარტს, კაჭკაჭაშვილს არცერთ მათგანში, ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება, მეუღლის 33%–იანი წილი შპს „ალავერდში“ მითითებული არ აქვს. არადა, კბილაშვილი საჯარო რეესტრში შპს „ალავერდის“ 33%–იანი წილის მფლობლად ჯერ კიდევ მანამდე დარეგისტრირდა, ვიდრე მისი მეუღლე პირველ დეკლარაციას შეავსებდა: ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე მდებარე რესტორნის ერთ–ერთი მეწილე კბილაშვილი 2014 წლის 11 თებერვლიდანაა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე აცხადებს, რომ დეკლარაციაში შემოსავლის დამალვა სისხლის სამართლის დანაშაულია და საჯარო მოხელეებს კანონი ავალდებულებთ საკუთართან ერთად ოჯახის წევრების მატერიალური და არა მატერიალური ქონებაც მიუთითონ.
„თუ დეკლარაციაში ქონებას არ შეიტან და ეს მოხდება მექანიკურად, კანონი ჯარიმას ითვალისწინებს, მაგრამ თუ ამას განზრახ დამალავ, სისხლის სამართლის დანაშაულია“, – ამბობს ჩიხლაძე.
კაჭკაჭაშვილს მეუღლის 33%–იანი წილი დეკლარაციის შევსებისას მექანიკურად არ გამორჩენია: „არ შევიტანე იმიტომ, რომ ამ დრომდე რესტორანს მოგება არ მოუტანია. შპს „ალავერდი“ ვალზე მუშაობს და რაიმე ამონაგებზე საუბარიც ზედმეტია, მისი შემოსავალი ნულია“.
კითხვაზე, რადგან პირველივე დეკლარაციის შევსებისას, მისი მეუღლე უკვე იყო „ალავერდის“ წილის მფლობელი, ეს ავალდებულებდა თუ არა მას, რომ დეკლარაციაში ამ შემოსავლის შესახებ აესახა, გვპასუხობს: „არა, კანონი ამას არ მავალდებულებს. თან როცა შპს გაიხსნა, ობიექტი ჯერ შენების პორცესში იყო“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ ირწმუნებიან, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს: „ეს კაჭკაჭაშვილს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ზოგიერთი ობიექტი წაგებაზეც მუშაობს, ან გაჩერებულია, მაგრამ მისი ასახვა დეკლარაციში სავალდებულოა“.
კაჭკაჭიშვილი კი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც „ალავერდი“ მოგებაზე დაიწყებს მუშაობას, დეკლარაციაში იქიდან მიღებულ შემოსავალს აუცილებად ასახავს. გუბერნატორის მოადგილე ირწმუნება, რომ დეკლარაციაში რეალურად არსებული შემოსავლები ნამდვილად არ დაუმალავს: „ისეთი მიწები მაქვს მითითებული, რომლებიც ელექტრონულად რეგისტრირებული არ მაქვს, მამაჩემის იყო და ახლა მე ვსარგებლობ, მაგრამ რადგან ამ მიწებიდან შემოსავალს ვღებულობ და რეალურად მე ვამუშავებ, დეკლარაციაში მივუთითე“.
თუმცა, ვიდრე მესამედ დეკლარაციის შევსების დრო დადგება და „ალავერდი“ მოგებაზე დაიწყებს მუშაობას, მანამდე როგორც გიგი ჩიხლაძე აცხადებს, ამ ფაქტზე პროკურატურამ, მინიმუმ, მოკვლევა უნდა დაიწყოს.
„სამწუხაროდ, ჩვენს კანონმდებლობაში არ არის ისეთი ორგანო, რომელმაც შევსებული დეკლარაციების მონიტორინგი უნდა განახორციელოს, შეადაროს რეალობას და განსაზღვროს ზუსტად არის შევსებული თუ არა. ამ სტატიის შემდეგ კი ამ ფაქტით საჯარო სამსახურის ბიურო და პროკურატურა უნდა დაინტერესდნენ“, – აცხადებს ჩიხლაძე.
ქონებრივი დეკლარაციის წარუდგენლობა ან განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანა სისხლის სამართლის კოდექსის 355–ე მუხლით რეგულირდება: „ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა ან დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა + ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.
[თამუნა უჩიძე, ახალციხე]