ახალციხეში დღეს გამართულ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ყრილობას საქართველოს პარლამენტის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს და ასევე „ქართული ოცნების“ რეგიონული და რაიონული წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
113 მოწვეული დელეგატიდან შეხვედრას 97 დაესწრო. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ქალაქის ყოფილი მერი გიორგი კოპაძე მათ ერთხმად აირჩიეს.
კოპაძე ახალციხის მერი 1991-1995 წლებში იყო. ბოლო პერიოდში კოპაძე საზოგაოდებას ახალციხეში გამართული ჭელის მინარეთის
დაბრუნების საწინააღმდეგო აქციებით დაამახსოვრდა. იგი 2013 წლის აგვისტოში ახალციხეში გამართული მართლმადიდებლური
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
გიორგი კოპაძე მინარეთის დაბრუნების საწინააღმდეგო აქციაზე. 29 აგვისტო, 2013 წელი„დღეს საბოლოოდ დაარსდა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული ორგანიზაცია ახალციხეში. სამი წლის განმავლობაში ეს არ მომხდარა და ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს მოხდა. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ თავმჯდომარედ ამირჩიეს და ხალხის ნდობა მოვიპოვე. ვეცდები, ის საქმიანობა, რაც მე დამევალა და რისი საკმაო გამოცდილებაც მაქვს, მოვიყვანო იმ რეჟიმში და იმ ჩარჩოებში, რასაც პარტია მოითხოვს ჩვენგან“, - განაცხადა გიორგი კოპაძემ.
კოპაძის „ქართული ოცნებასთან“ კავშირზე ახალციხეში გაცილებით ადრე დაიწყო საუბარი. იგი „ოცნების“ ახალციხის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად მოიაზრებოდა. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ „ოცნების“ შტაბის ყოფილმა უფროსმა მალხაზ ჟუჟუნაძემ,
21 თებერვალს განუცხადა, თუმცა, მაშინ, კოპაძემ ეს ინფორმაცია უარყო.
დღევანდელ შეხვედრაზე „ქართული ოცნება დემოკრატიული - საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ბიუროს ხუთი წევრიც აირჩიეს. გიორგი კოპაძის თქმით, მურმან თოთაძე, ნანა თარხნიშვილი, ზაზა გელაძე, ბიჭიკო მოდებაძე და მალხაზ ჟუჟუნაძე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად პარტიულ დავალებებს შეასრულებენ.
„პარტიის ყველა სტრუქტურაში ხელმძღვანელი ხმათა უმრავლესობით ირჩევა“, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მალხაზ ჟუჟუნაძე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბს ხელმძღვანელობდა.
გიორგი კოპაძის თქმით, წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ იწყება. არც ისაა გადაწყვეტილი ვინ უხელმძღვანელებს საარჩევნო შტაბს: „ჯერ იქნება პარტიული სამუშაოები, გაწევრიანება, პირველადი პარტიული და ახალგაზრდული ორგანიზაციების შექმნა და ასე შემდეგ“.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრებიდან დამფუძნებელ ყრილობას თამაზ ავდალიანი ესწრებოდა.
„გავაცანით პარტიის მიზნები და ამოცანები, ახლა მათგან მოველით მეტ ჩართულობას და აქტიურობას, რადგან წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს. ეს კი ის ეტაპია, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ უნდა წავიდეს საქართველოს პოლიტიკური არენიდან. არა რეპრესიების გზით, არამედ არჩევნების საშუალებით“, - განაცხადა ავდალიანმა და დასძინა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, - „პირველი ეტაპი იყო 2012 წლის პირველი ოქტომბერი, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. შემდეგ იყო მეორე ეტაპი, როცა საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი წარმომადგენელი გახდა და ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როცა უშუალოდ ადგილობრივი ხელისუფლება გადმოვა ჩვენს ხელში, ვინაიდან ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული მოსახლოების წინაშე“.
[თამარ თოთაძე, ახალციხე]