
გთავაზობთ ცესკოს N45/2020
დადგენილების რამდენიმე მნიშვნელოვან მუხლს:
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობისთვის, ცესკო თითოეული მუნიციპალიტეტში არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს ქმნის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - არანაკლებ ათ საარჩევნო უბანს.
ასევე შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტდება არაუმეტეს 12 წევრისაგან.
სპეცჯგუფის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს პირი 21 წლის ასაკიდან.
სპეცჯგუფის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:ა) პირი 60 წლის ასაკიდან;
ბ) პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება.
- საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს დანიშნოს იმ რაოდენობის თითო წარმომადგენელი, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანში;
- პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს დანიშნოს იმ რაოდენობის არაუმეტეს 2-2 წარმომადგენელი, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანში;
- ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს დანიშნოს იმ რაოდენობის თითო ადგილობრივი დამკვირვებელი, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანში;
- საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს დანიშნოს იმ რაოდენობის თითო დამკვირვებელი თარჯიმანთან ერთად, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანში.
- თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს (+995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0”), 2020 წლის 24 ოქტომბრიდან 2020 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.
- გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 8 საათიდან და სრულდება 20 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 21 საათისა.
- სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირების მიმართ, აგრეთვე კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე პირთა მიმართ საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მარკირება არ გამოიყენება.
- სპეცჯგუფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესში დახმარება შესაძლოა გაუწიოს აღნიშნული დაწესებულებების პერსონალმა.
- კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში შესაძლებელია იმყოფებოდეს მედპერსონალი, რომელიც დახმარებას გაუწევს სპეცჯგუფის წევრებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვაში.
- საარჩევნო უბნის შესასვლელთან და სპეცჯგუფის განთავსების ოთახში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი;
- კენჭისყრის ოთახში ყოფნის უფლების მქონე პირი, საარჩევნო უბანში არ დაიშვება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე (სათანადოდ მორგებული პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანი და სხვა);
- კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კენჭისყრის დღეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს და ატარებდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს (სათანადოდ მორგებული პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანი და სხვა);
- სპეცჯგუფის განთავსების ოთახში უნდა განთავსდეს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის, კარის სახელურები, სამუშაო მაგიდები, საარჩევნო ყუთები და ა.შ.) სათანადო წესით, წმენდა/დეზინფექცია;
დადგენილებას ხელს აწერს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.
[sknews.ge]