
ტყუილის ფენომენზე საუბრისას ფსიქოლოგი ამბობს, რომ ტყუილი სოციალურ გარემოში ადამიანების განუყოფელი ნაწილია და ის შეიძლება სასარგებლოც იყოს.
„სოციალურ გარემოში ტყუილს აქვს ძალიან კონკრეტული ფუნქცია. მისი საშუალებით ადამიანი სარგებელს იღებს. ოღონდ ეს სარგებელი ყოველთვის მატერიალური არაა, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ტყუილის ფუნქცია სოციალურ გარემოში ადაპტაციის ფუნქციაა. ადამიანმა როცა იცის, რომ სიმართლის შემთხვევაში დაისჯება, იძულებულია სიტუაციას მოერგოს და ტყუილი თქვას. გარდა ამისა, ვიტყუებით ქცევითაც, მაგალითად, ახალგაზრდა ქალს რომ უნდა, ადამიანს თავი მოაწონოს და თმები შეიღება, ეს ტყუილია თუ არა? რა თქმა უნდა ტყუილია“.
ზურა მხეიძის განმარტებით, ტყუილს ორი ძირითადი მიმართულება აქვს – ერთი სოციუმში არსებული სტატუსის შენარჩუნებას ემსახურება, ხოლო მეორე არსებული სტატუსის ამაღლებას.
„არის მომენტები, როდესაც ვიტყუებით იმიტომ რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში, სხვის თვალში უარყოფითად არ გამოვჩნდეთ. მაგალითად, უფროსს ვატყუებთ, რომ სამსახურში ტრანსპორტის გამო დავიგვიანეთ. მეორე მიმართულება არის, როდესაც თქვენს თვალში უნდა მოვიმატო სტატუსი და ამიტომ ვიგონებ საკუთარ თავზე ამბებს და მივიწერ ისეთ თვისებებს, რაც სინამდვილეში არ მაქვს. ამ ტიპის ტყუილები დამახასიათებელია გარდატეხის ასაკისთვის. ამას პატარა ბავშვი არ აკეთებს, რადგან ის სოციალურ სტატუსს არ ეძებს“.
შეკითხვაზე, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ტყუილი კარგია, ან ცუდი, ფსიქოლოგმა კითხვითვე გვიპასუხა: „კანკალი კარგია თუ ცუდი? ერთის მხრივ ცუდია, მაგრამ როცა გცივათ, ორგანიზმი კანკალს იწყებს გარემოსთან ადაპტაციის მიზნით, რომ სითბო გამოიმუშაოს. ასეა ტყუილის შემთხვევაშიც, როგორ შეიძლება ადაპტაციის მექანიზმზე ვთქვა ცუდია თუ კარგი?“
ტყუილის ფსიქოლოგიაზე საუბრისას ზურა მხეიძე გვიხსნის, რომ ადამიანები არამხოლოდ სხვას, არამედ საკუთარ თავსაც ხშირად ვატყუებთ: „კინოში რომ მიდიხარ ძალიან კარგად იცი, რომ იქ არავინ კვდება, მაგრამ მაინც ვტირით. ვირტუალური რეალობა რას ნიშნავს? თუ ვირტუალური რეალობა არსებობს, ასევე არსებობს ტყუილის რეალობაც. ტყუილის მორალური ღირებულება განზრახვით განისაზღვრება“.
ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ტყუილის მიმართ ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულება აბსოლუტურად სისულელეა: „თუმცა თუ ჩვენ ნებისმიერ მოქალაქეს დავუსვამთ პირველ კითხვას – რას ფიქრობ ადამიანზე, რომელიც იტყუება? სავარაუდოდ პასუხად მიიღებთ ლანძღვა–გინებას. თუ შემდეგ დავსვამთ მეორე შეკითხვას, – მოგიტყუებიათ თუ არა ოდესმე ვინმე? მას მაშინვე შეეცვლება გამომეტყველება და დაიწყებს თავის მართლებას, გიპასუხებთ – ხო, მაგრამ დაამატებს, რომ სხვისთვის დამაზიანებელი არ უთქვამს. ესაა სტანდარტული შემთხვევა, როგორც იქცევა ადამიანების 99%“.
მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში პირველ აპრილს „სულელის დღე“ აღინიშნება და ტყუილი შეგნებულად ვრცელდება. მისი წარმოშობის შესახებ არაერთი ვერსია არსებობს, თუმცა რომელია მათ შორის მართალი, არავინ იცის.
ამ დღის მიმართ არცერთ სახელმწიფოს პოზიცია არ აქვს და ოფიციალურადაც არსად აღინიშნება. თუმცა მკაფიო პოზიცია აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას და ის პირველ აპრილს, როგორც ტყუილის დღეს, აღდგომის დღესასწაულის შარჟად მიიჩნევს და ცოდვას უწოდებს.
[ავთო ინასარიძე, ახალციხე]