
დამალა – ასპინძის მუნიციპალიტეტის ერთადერთი ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელია. აქ 560 ოჯახი, 1800 ადამიანი ცხოვრობს. შრომისუნარიანი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სამუშაოდ ქვეყნის საზღვრებს გარეთაა გასული, დანარჩენები კი მიწათმოქმედებითა და მესაქონლეობით ირჩენენ თავს. თუმცა, მიწა არც ისე ბევრი აქვთ, სოფლის საკუთრებაში მხოლოდ 35 ჰექტარი მიწაა. დამალელები ჩივიან, რომ სოფელი თანდათან იცლება.
სოფლის დღესასწაული მეხუთე წელია აღინიშნება. ხალხი ტაძრის ხელახლა გახსნის დღეს ზეიმობს. 1931 წლიდან 2008 წლამდე ეკლესია მოქმედი არ იყო. ტაძრის რესტავრაციის ინიციატორი და ორგანიზატორი სომხეთში მცხოვრები სოს სააკიანია, რომელიც წარმოშობით სოფელ დამალიდანაა.
“ეკლესია ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. მე შევძელი სოფელში და სოფლის გარეთ მცხოვრებთა ძალების მობილიზება და ერთობლივი ძალისხმევით გავარემონტეთ. წელს სკოლაში სომხური ენის კაბინეტიც გავხსენით, რათა მოსწავლეებს პრობლემები არ ჰქონდეთ და სიახლეებს არ ჩამორჩნენ”, - ამბობს სოს სააკიანი.
ეკლესიის გარემონტების შემდეგ სახლში წაღებული წიგნებისა და ეკლესიის სხვა საკუთრების მოგროვება დაიწყო. საბოლოოდ, ადგილობრივმა მოსახლეობამ შეაგროვა და სარესტავრაციოდ მიიტანა შვიდი უძველესი წიგნი, ჩანაწერები და ერთი საეკლესიო რელიქვია. შვიდიდან ხუთი წიგნი ეკლესიას წელს დაუბრუნდა, ორი კი ჯერ კიდევ სარესტავრაციოდაა.
საეკლესიო რელიქვია სოფლის უკანასკნელ მღვდელს მამა აკობს ეკუთვნის. დამალაში აკობიანების გვარი ცნობილია, როგორც ტერტერენცი (მღვდლების გვარი), რაც ამ გვარში შვიდი მღვდლის ყოფნიდან მომდინარეობს. სოფლის უკანასკნელი მღვდლის შვილთაშვილმა აშოტ აკობიანმა “ეკლესიის სიმდიდრის” ადგილზე დაბრუნების პასუხისმგებლობა იკისრა.
“ვიცოდით, რომ წიგნები სოფელში იყო, მაგრამ კონკრეტულად არავინ იცოდა, ვის რომელი ჰქონდა. სახლებში ჩამოვლა და ძველი წიგნების შეგროვება დავიწყე. ძირითადად ეს იყო ნარეკები (“სამგლოვიარო გალობების წიგნი”, წმინდა გრიგორ ნარეკაცის ლოცვები) და XVII, XVIII და XIX საუკუნის ბიბლიები. რთულად, მაგრამ მაინც დაგვიბრუნეს”, - ამბობს აშოტ აკობიანმა.
უძველესი წიგნების დაბრუნებისთვის მადლობის ნიშნად ამ ადამიანებს დღესასწაულის დროს ბიბლიები დაურიგეს
დღესასწაულზე სოფელი უჩვეულოდ ხალხმრავალი იყო. ყველაგან მუსიკა ისმოდა. ცარიელი, მაგრამ ლამაზად მოვლილი ნაკვეთები და ეზოები სოფელ დამალას გაცილებით მშვიდ და გაწონასწორებულ ყოველდღიურობაზე მეტყველებდა.
ისინი, ვინც დამალაში დღემდე ცხოვრობენ, ამბობენ, რომ სოფლის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა სარწყავი წყალია.
“მიწის ნაკვეთების მორწყვა ძალიან ძნელია, სარწყავი წყალი არ გვაქვს. ხალხი სარწყავად სასმელ წყალს ხმარობს და შედეგად სასმელი წყალიც პრობლემური ხდება”, - ამბობს სოფლის რწმუნებული.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დამალაში შიდა გზების მოწესრიგებას გეგმავენ. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია სახსრები ასპინძა-დამალას გზის მოასფალტებისთვისაც. მალე სოფლის გაზიფიკაციაც დაიწყება.
დამალაში მცხოვრები ეთნიკური სომხები, ჯავახეთის სომხური სოფლების მოსახლეობასთან შედარებით, ქართულ საზოგადოებაში გაცილებით ინტეგრირებულები არიან. მაგრამ, ინტენსიური მიგრაცია აქაც ფიქსირდება.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ადამიანები აქაურობას ტოვებენ და არ ბრუნდებიან. ძირითადად, სომხეთში საცხოვრებლად ან რუსეთში სამუშაოდ მიდიან. მხოლოდ მოხუცები დარჩნენ, სოფელი თანდათან ბერდება”, - ამბობს ატომ სააკიანი.
სოფლის რწმუნებულის თქმით, სოფლელში დემოგრაფიული პრობლემაცაა. დამალას სკოლაში სულ რაღაც 256 მოსწავლე დადის.
დღესასწაული სრულდება. რუსეთიდან, სომხეთიდან, თბილისიდან, ახალციხიდან, ახალქალაქიდან და ახლომდებარე სოფლებიან ჩამოსული სტუმრები ნელ-ნელა მიდიან, სოფლის ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში დგება და დამალას მცხოვრებლები თავიანთ მშვიდ ყოველდღიურობას უბრუნდებიან.
[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]