
დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ფიქრობს, რომ პირველ რიგში ქვეყანაში მედიკამენტები უნდა გახდეს ხელმისაწვდომი: „400-მდე დასახელების მედიკამენტის თანადაფინანსების კომპონენტი (სხვადასხვა შემოსავლის მქონე ჯგუფებისთვის, განსხვავებული პროპორციით) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უნდა გაჩნდეს. ოღონდ ამისათვის ჯერ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ხარჯთეფექტიანობა უნდა გაიზარდოს, რისთვისაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება სადაზღვევო კომპანიებს უნდა გადაეცეთ. ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახელმწიფო (და არასახელმწიფო) ფინანსების ეფექტური ხარჯვა ასევე ხარისხის ამაღლების აუცილებელი წინაპირობაა“.
გრიგოლ ვაშაძე
ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჯანდაცვის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ეგმავს: „დაავადებების ახალი კერების გამოვლენის, ვაქცინაციის და სამკურნალო პროგრამებში ბენეფიციართა მოძიება-ჩართვის მაჩვენებლების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრების გაძლიერება, დაფინანსების სქემის გადახედვა და პროგრამული პრიორიტეტების სწორი გადანაწილება“.
ისევე როგროც ბაქრაძე, ვაშაძეც ფიქრობს, რომ პირველ რიგში ქვეყანაში წამლები უნდა გახდეს ხელმისაწვდომი: „ჩვენ გვაქვს რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა, როგორიცაა წამლების ელექტრონული სავალდებულო რეგისტრაციის დანერგვა და წამლების მიკვლევადობის ინოვაციური სისტემის დანერგვა, რაც საშუალებას იძლევა, მოხდეს წამლების იდენტიფიკატორის და სასაქონლო ტრანზაქციების ერთ ბაზაში თავმოყრა და ინფორმაციის დამუშავება. ეს ინიციატივები გაამარტივებს ქვეყანაში ახალი მედიკამენტის შემოსვლისა და შესწავლის პროცესს, გააუმჯობესებს წამლის შემოწმებისა და ხარისხის კონტროლს, შეამცირებს ბიუროკრატიას და ადმინისტრირების ხარჯებს. ყურადღებას დავუთმობთ ჯანდაცვის სფეროში სტატისტიკის მოწესრიგებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. ყველა ჩვენი რეფორმა და ახალი პროგრამა გამყარებული იქნება შესაბამისი კვლევებით, სანდო სტატისტიკითა და გამჭირვალე კალკულაციით“.
სალომე ზურაბიშვილი
ჯანდაცვის სფეროში რიგით პირველ საკითხად დაავადებების პრევენციას ასახელებს მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი: „უნდა შევუწყოთ ხელი, იმ დიდი პოტენციალისა და ტრადიციების განვითარებას, რაც მედიცინის სფეროში გვაქვს (ფარმაცია და ხალხური მედიცინა, ფაგები, კურორტოლოგია). დაავადების პრევენციისთვის მუშაობის გააქტიურება. პრეზიდენტის მხარდაჭერა და ლობირება ექნება ონკოლოგიის ცენტრის შექმნას, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ ადგილზე მკურნალობის შესაძლებლობა“.
შალვა ნათელაშვილი
რა პოლიტიკასა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დაუჭერდს მხარს, რათა გაიზარდოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი? „ლეიბორისტული“ პარტიის კანდიდატს შალვა ნათელაშვილს პასუხი არ აქვს.
დავით უსუფაშვილი
„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯანდაცვის სისტემაში დაზღვევების გაუმჯობესებაზე ფიქრობს: „სადაზღვევო შენატანებთან დაკავშირებული დამატებითი ფინანსური ტვირთი მოქალაქეებისთვის და დამქირავებლისთვის არ უნდა გაიზარდოს და უნდა ჩაეტიოს დღეს არსებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ფარგლებში. ეს, ერთი მხრივ, გაზრდის სისტემის ფინანსურ ეფექტიანობას, შეამცირებს „გაბერილი ხარჯების“ პრობლემას და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, ფოკუსირება გააკეთოს საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე.
სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოში იმ თანამედროვე სამედიცინო სერვისების და პროცედურების დანერგვას, რომელსაც მოქალაქეები საქართველოში ვერ იღებენ და უცხო ქვეყნებში (თურქეთი, გერმანია და ა.შ.) უწევთ მკურნალობა, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული“.
ზურა ჯაფარიძე
„ჯანდაცვა უნდა დაუფინანსდეს მხოლოდ მათ, ვინც ამას საჭიროებს. ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გაწყეული ხარჯი არის ჩვეულებრივი სოციალური ხარჯი, სოციალური ხარჯი კი, მისი შინაარსით, შედარებით შეძლებულების მიერ შედარებით გაჭირვებულების დაფინანასებას გულისხმობს“ – ასეთია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიცია ჯანდაცვის სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით.
[sknews.ge]