
ვებ–გვერდზე prezidenti.ge პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამაა გამოქვეყნებული. კანდიდატებს 19 შეკითხვაზე აქვთ გაცემული პასუხები. ერთ–ერთი კითხვა განათლებას ეხება: როგორია თქვენი ხედვა განათლების პოლიტიკის მიმართ? როგორ პოლიტიკას უჭერთ მხარს დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად?
დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გამარჯვების შემთხვევაში ხელს შეუწყობს ახალგაზრდების უცხოეთში სწავლებას და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის არანაკლებ 50%-ს დახარჯავს უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების დასაფინანსებლად;
„ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო გუნდი კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენს მთავრობას მომავალი წლიდან თუ როგორ გაიზარდოს:
ვაუჩერის პრინციპზე გადაყვანით, სკოლამდელი განათლების (საბავშვო ბაღების) ხელმისაწვდომობა და არჩევანი;
სასკოლო ვაუჩერის ღირებულება, რომ სასკოლო სამეურვეო საბჭოებს, სკოლების სრულყოფილი თვითმმართველობისა და ფინანსური ავტონომიის პირობებში, საშუალება მიეცეთ მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 700–ლარამდე, ხოლო ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს - მინიმუმ 1000–ლარამდე გაეზარდოს;
სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა 8000 სტუდენტით.
გრიგოლ ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში განათლების ბიუჯეტი გაორმაგდება.
ვშაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია: საბავშვო ბაღების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს კონცეფციის პრიორიტეტად ქცევა, ინკლუზიური განათლების მაქსიმალური ხელშეწყობა, პედაგოგთა სერტიფიცირების წესის გადახედვა, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის ეფექტურობა, მასწავლებლის მინიმალური ანაზღაურების 1 000 ლარამდე გაზრდა, მასწავლებლების პროფესიული განვითარება მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების საშუალებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოება-პროვაიდერი ორგანიზაციების აკრედიტაციის გზით, საატესტატო და ეროვნული გამოცდების ინტეგრაცია, არაფორმალური განათლებისა და ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა, პროფესიული სასწავლო პროგრამების ამოქმედება და პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შექმნა–პოპულარიზაცია.
გირგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ პროფესიული და საზოგადოებრივი სასწავლებლების სტუდენტების ყველა იმ პრივილეგიით სარგებლობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რომლითაც სარგებლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტები;
ვაშაძის გეგმების მიხედვით, ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტი, რომლის სარეიტინგო ქულაც 200 000-მდეა სახელმწიფო დააფინანსებს, გარდაიქმნება ავტორიზაცია-აკრედიტაციის სისტემა. ასევე დაფინანსდებიან წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც გაცვლით პროგრამებში მონაწილეობენ, საქართველოში მოიწვევენ უცხოელ პროფესორ–მასწავლებლებს, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებს დანერგავენ.
შალვა ნათელაშვილი
ვაშაძისგან განსხვავებით ერთი წინადადებით შემოიფარგლება„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის გეგმები ქვეყანაში საგანმანათლებლო სფეროების განვითარებაზე: „ყველა საფეხურის განათლება უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გერმანულ-ავსტრიული მოდელის მიხედვით“.
სალომე ზურაბიშვილი
მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ განათლების კუთხით მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს ახალგაზრდების ინიციატივების წახალისებას და ნოვატორული იდეების მხარდაჭერას.
„სახელმწიფო დაფინანსებით უნდა მოხდეს უცხოეთში განათლებული ახალგაზრდების ღირსეული დაბრუნება და სრულფასოვანი ჩართვა ქვეყნის მშენებლობაში. ასევე უნდა მოხდეს ევროპის ქვეყნებთან შეთანხმება დროებითი მიგრანტების თაობაზე“, – ვკითხულობთ ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამაში.
დავით უსუფაშვილი
„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა განათლების პოლიტიკის სტრატეგიაზე მრავალპარტიული კონსენსუსის მიღწევას უნდა შეუწყოს ხელი, რათა ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ტაქტიკურ ცვლილებებს იწვევდეს: „ამ მიზნის მიღწევა გაჭირდება, თუ პრეზიდენტი საკუთარი კონცეფციით გამოვა და ფასილიტატორის ნაცვლად, მხარე გახდება. პრეზიდენტმა ინდივიდების და საზოგადოების დონეზე უნდა გააღვივოს კონკურენტული უპირატესობის მოპოვების სურვილი, როგორც მეტი და უკეთესი განათლების მიღების მთავარი მოტივაცია“.
უსუფაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ხელთ არსებული შეზღუდული ფინანსური რესურსის ნაწილის მიმართვა ხელმოკლე, ან განსაკუთრებული უნარების მქონე ახალგაზრდების სტიპენდიებზე შესაძლოა არ იყოს ურიგო საქმე, მაგრამ ამავე სახსრებით მეტი ახალგაზრდისთვის შეიძლება ხელშეწყობა თუ იგი სისტემური ცვლილებებისკენ, ან კერძო ფონდების მოძიებისკენ იქნება მიმართული.
ზურაბ ჯაფარიძე
„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის საპრეზიდენტო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში განათლების სფერო არის კატასტროფულად მავნებლურად რეგულირებული. განათლებას სჭირდება თავისუფლება. უნდა დაინგრეს ძველი, საბჭოთა განათლების სისტემა და კერძო ბიზნესს უნდა მიეცეს საშუალება, თავად მიაწოდოს მისთვის და კლიენტისთვის სასურველი სერვისი მომხმარებლებს. სახელმწიფომ, მაქსიმუმ, გაჭირვებულ ადამიანებს დაუფინანსოს განათლება. განათლების შინაარსი, ხარისხი და მენეჯმენტი მთლიანად უნდა იქცეს კერძო სფეროს პრეროგატივად.
[sknews.ge]