გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გია ბერაიამ განაჩენი დღეს გამოიტანა. მოსამართლის განმარტებით, ყოფილი თანამშრომლების მიმართ გათავისუფლების აქტი არ გამოცემულა და ამასთან ერთად, სხვა დარღვევებიც იყო, ამიტომ, ისინი თავიანთ პოზიციებზე უნდა დაინიშნონ და სახელფასო განაცდური, გასული წლის პირველი დეკემბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, უნდა აუნაზღაურდეთ.
„მიუხედვად იმისა, რომ თემი და ქალაქი გაერთიანდა, მათი შტატები არ შემცირებულა და იგივე დარჩა. ამიტომ, ამ შემთხვევაში მობილობა არ უნდა განხორციელებულიყო და ეს პიროვნებები თავიანთ პოზიციებზე უნდა დანიშნულიყვნენ“, – განაცხადა მოსამართლემ.
მოსამართლის განმარტებით, მოსარჩელე მხარეს არ დაუკმაყოფილდა სარჩელის ის ნაწილი, რომელიც საახალწლო პრემიების ანაზღაურებას ეხებოდა: „რადგან, სავალდებულო არ არის პრემიები ყველა თანამშრომელზე გაიცეს, თუნდაც მოქმედი იყოს“.
მოსარჩელე მხარე სარჩელის ამ ნაწილის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას არ გეგმავს.
ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ამბობენ, რომ პროცესის მოგებას ელოდნენ.
„იურიდიულად მხარე საკრებულო იყო, მაგრამ ფაქტობრივი მხარე იყო მერია, იმიტომ რომ ზაზა მელიქიძემ მიიღო ჩვენი გათავისუფლების გადაწყეტილება. ამავე დროს აქ საკრებულოს იურისტები არაფერ შუაში არიან. მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება მერიის იურისტს, ევა იველაშვილს. ჩვენს მიმართ რა კანონდარღვევებიც განხორციელდა ყველა პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება“,– განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ეკა ტატალაშვილმა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას არასწორს უწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნულს ზემდგომ ინსტანციაში აუცილებლად გაასაჩივრებს: „მოსამართლემ ძალიან მშრალი გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედვად იმისა, რომ ჩვენმა ადვოკატებმა ყველაფერი განუმარტეს, მაინც არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. ჩვენ კანონის დაცვით მოვახდინეთ ყველა პროცედურა და ისე იყვნენ ეს ადამიანები გათავისუფლებული თავიანთი პოზიციებიდან“.
განსხვავებით მოსარჩელე მხარისგან, საკრებულო მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ზემდგომ ინსტანციაში უწყების ინტერესებს კვლავ დაქირავებული ადვოკატი პაატა კიკვიძე დაიცავს, რომელიც დღევანცდელ გამოცხადებას არ დასწრებია.
შეგახსენებთ, ამ დავის საწარმოებლად საკრებულომ კერძო ადვოკატი
დაიქირავა. რა თანხა უნდა გადაუხადონ ადოკატს, საკრებულოში არ გაამხილეს.
დღეს სასამართლო სხდომაზე იმყოფებოდნენ პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. შეგახსენებთ, ამ პარტიის წევრია ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილის მეუღლე. პარტიის ახალციხის რაიონული ორგნიზაციის ხელმძღვანელის გელა დემეტრაძის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყოფილი თანამშრომლების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა განხორციელდა:
„დღეს იზეიმა სამართალმა და იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი განაჩენი იქნება იმის საფუძველი, რომ შემდგომში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ადამიანები სამსახურიდან ასე უბრალოდ, კანონდარღვევით, აღარ გაუშვან".
შეგახსენებთ, რომ ეკა ტატალაშვილისა და თეა ბაღდოშვილის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენა და იძულებთ განაცდურის ანაზღაურება იყო. მათ სარჩელი ახალციხის რაიონულ სასამართლოში 29 დეკემბერს
შეიტანეს. მათ ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთი ბებიაშვილი იცავდა. გასულ პროცესზე მან განაცადა, რომ ეს
პრეცენდენტული საქმე იყო.
"საქართველოს სასამართლო სისტემაში ეს არის პირველი განხილვა ამ კატეგორიის, რომელიც გულისხმობს მობილობის წესით საჯარო მოხელის დანიშვნა–არდანიშვნის საკითხს“, – განაცხადა გასულ, 12 თებერვალს გამართულ პროცესზე ქეთი ბებიაშვილმა.
ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ. ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის თემის საკრებულოში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, ქალაქის საკრებულოში, საორგაიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. თემისა და ქალაქის გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი
აღარ დაასაქმეს.
[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]