
ვენერა მაისურაძე 1945 წლის 21 ივნისს ახალქალაქის სოფელ ოკამში დაიბადა. მრავალშვილიან ოჯახში დაბადებული გოგონა აღსაზრდელად დეიდამ წაიყვანა.
- ”დეიდას შვილი არ ჰყავდა, ჩვენ კი ხუთი დედმამიშვილი ვიყავით, ამიტომ მან თავისთან წამიყვანა, - ბავშვობას სიამოვნებით იხსენებს ვენერა მაისურაძე: მე და ჩემი და იუმორით აღსავსე ცელქი ბავშვები ვიყავით. ხან რას მოვიფიქრებდით, ხან რას. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა”.
ბავშვობიდან თოჯინების კეთებით იყო დაინტერესებული: ”თოჯინების გაკეთება ძალიან მიყვარდა და სულ ვკერავდი, თუმცა მოგვიანებით ეს საქმე მივივიწყე”.
გარდა ამისა, ვენერა მაისურაძე ბავშვობიდანვე სცენისა და სიმღერის სიყვარულით სულდგმულობს: ”არაჩვეულებრივად ვმღეროდი და ახლაც ვმღერი. ბავშვობაში სკოლაში კონცერტები რომ ეწყობოდა, ჩემს გარეშე არ ჩაივლიდა. ბევრჯერ თავადაც ვყოფილვარ ორგანიზატორი”.
სცენის სიყვარული არც მოგვიანებით განალებია, თუმცა ამისთვის უკვე დრო აღარ ჰქონდა. მის ცხოვრებაში პირველი სიყვარული გამოჩნდა: ”16 წლის ვიყავი, ცოლიანი მამაკაცი რომ შემიყვარდა. მას ჩუმად ვხვდებოდი”.
მოგვიანებით ამ ადამიანთან დაშორება მოუწია და 25 წლის ასაკში სხვა მამაკაცზე უსიყვარულოდ გათხოვდა: ”სოფელ ურაველში გავთხოვდი. არ შემხვდა კარგი მეუღლე. მთელ დღეებს სმაში ატარებდა. ყველაფრის გაკეთება მე მიწევდა”.
მისგან ორი შვილი შეეძინა და მთელ დროს საოჯახო საქმეებსა და ბავშვების აღზრდას უთმობდა: ”წარმოიდგინეთ, ფეხმძიმე ქალი ტომრებს ზურგით ვეზიდებოდი, ტყიდან შეშა მომქონდა. ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შემერყა. როდესაც ასეთ პირობებში ხარ, ვეღარ ფიქრობ შენს საყვარელ საქმიანობაზე, თუმცა, სცენის სიყვარულს მაინც არ დავუტოვებივარ”.
ოჯახის შექმნიდან 11 წლის შემდეგ მეუღლეს გაშორდა და ურაველიდან ახალციხეში წამოვიდა საცხოვრებლად: ”ახალციხეში ჩემს პირველ სიყვარულს ისევ შევხვდი და მას დავუკავშირე ბედი. ოჯახი მეორედ შევქმენი”.
მეორე მეუღლისგან ერთი შვილი შეეძინა. ”ჩემი პირველი სიყვარული და მეორე მეუღლე მოგვიანებით გარდაიცვალა. მას ძალიან მოსწონდა, როცა ვმღეროდი, ან ვცეკვავდი და სულ მთხოვდა, როცა სტუმრები მოვლენ გამოიპრანჭე და იმღერეო. ასეც ვიქცეოდი”.
ვენერა მაისურაძე სიმღერას მხოლოდ საკუთარ ოჯახში ახერხებდა: ”ჩემს მეუღლეს არ უნდოდა, სცენაზე მემღერა. ეჭვიანი იყო”.
ამბობს, რომ საკუთარი თავისთვის 5 წლის წინ მოიცალა, როცა თოჯინების შექმნა დაიწყო.
თოჯინების კეთება თბილისში ყოფნის დროს გაიხსენა: ”თბილისში ჩემს შვილიშვილს უნდოდა გამოფენისთვის რაიმე ნამუშევარი. გავუკეთე თოჯინა და თბილისის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ ინტენსიურად დავიწყე თოჯინების კეთება”.
სიამოვნებით დაგვათვალიერებინა თავისი თოჯინები და მათი შექმნის ისტორიებიც გვიამბო.
თოჯინების შექმნის პარალელურად ახლაც მღერის: ”განსაკუთრებით ინდური სიმღერები მიყვარს. თუმცა, ყველა ტიპის სიმღერა მომწონს. თბილისში რომ ჩავდივარ, ქსოვრელებთან ერთადაც ვმღერი. მათთან ერთად დისკი უნდა გამომეშვა, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო ვერ მოვახერხე”.
ვენერა მაისურაძემ რამდენიმე წლის წინ ”რუსთავი 2-ის” პროექტ ”ნიჭიერშიც” მიიღო მონაწილეობა. ეს პერიოდი ძალიან ცუდად ახსენდება: ”ამ პროექტში ინდური სიმღერა ვიმღერე, სამწუხაროდ მინუს ფონოგრამა ვერ მოვძებნე. ხელი ამის გამო შემეშალა და პირველივე ტურიდან გამოვვარდი. მერე ბევრს ეგონა, რომ მე ცუდად ვმღერი. ამან გული დამწყვიტა”.
ოცნებობს, რომ რომელიმე მუსიკალურ პროექტში მოხვდეს: ”მინდა ვიმღერო და ხალხმა დაინახოს, რომ მე ცუდად არ ვმღერი. გული მწყდება რომ ასეთ პროექტებს ჩემი ასაკის ხალხისთვის არ აკეთებენ”.
ჟურნალისტები განსაკუთრებით უყვარს: ”მსიამოვნებს ჟურნალისტებთან ურთიერთობა. კამერით და მიკროფონით აღჭურვილ ჟურნალისტს, რომ დავინახავ, მინდა მივიდე და ჩავეხუტო. მინდა ვუთხრა, რომ მეც მკითხონ რამე”.
ჟურნალისტობაზე არასდროს უოცნებია. თუმცა, შვილიშვილს სთხოვა, რომ ეს პროფესია აირჩიოს. თავად ახლა არაფერზე ოცნებობს: ”მხოლოდ ის მინდა ჩემი შვილები და შვილიშვილები მყავდეს ჯანმრთელად. ერთი კითხვა მაწვალებს ამ ბოლოს, ნეტა თუ დამრჩა იმდენი დრო, რომ რაიმე დავგეგმო?!”
კითხვაზე, რას შეცვლიდა, დრო რომ უკან დაბრუნდებოდეს, ბევრს არ ფიქრობს.
- "ნეტა დაბრუნდებოდეს, აუცილებლად კარიერას ავირჩევდი, მქონდა შანსი, მაგრამ მას ხელი ვკარი და სიყვარული ვარჩიე. ადრე ერთ-ერთმა პროდიუსერმა მკითხა, ასეთი ხმის პატრონმა, ასე რატომ დაიგვიანეო. ვუთხარი, სუფრაზე რომ მოვხვდებით, ჩემს პატარა ისტორიას მოგიყვები და მიხვდები, რატომაც დავიგვიანე მეთქი. მე მას იმ ისტორიას მოვუყვები, რაც ახლა თქვენ მოგიყევით”.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]