
N1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“
„პაატა ბურჭულაძე-მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც ღარიბი მოსახლეობის მომსახურებაზე იქნება ფოკუსირებული.
ყიფიანის განმარტებით, ქვეყნის მოსახლეობა რამდენიმე ჯგუფად დაიყოფა: 1 მილიონი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანი დღეს არსებულ სადაზღვეო პაკეტსა და უფასო მედიკამენტებს მიიღებს.
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფის სტატუსის მისანიჭებლად პოლიტიკური სუბიექტი ქულების გაზრდას აპირებს და შესაბამისად, აღნიშნულ პირთა რაოდენობა სწორედ ერთ მილიონამდე გაიზრდება;
საშუალო ფენის მოსახლეობა, – დაახლოებით 1 800 000 ადამიანია, რომელსაც დღეს მოქმედი საყოველთაო სადაზღვეო პაკეტი ექნება;
დანარჩენი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მიუხედავად მატერიალური კეთილდღეობისა, არა კერძო, არამედ საყოველთაო დაზღვევით სარგებლობს, აღნიშნული დაზღვევა მოეხსნება და შესაძლებლობა ექნება, თავად აირჩიოს კერძო მზღვეველი კომპანია;
შეძლებული ფენა, დაახლოებით 500 ათასი კაცი, რომელსაც კერძო დაზღვევა უკვე აქვს, კვლავაც ამ ტიპის დაზღვევას გამოიყენებს. პარტიის პროგრამის მიხედვით, მდიდარ ადამიანებს თავად შეეძლებათ კერძო სადაზღვეო პაკეტის შეძენა, რითაც ჯანდაცვაზე გამოყოფილ ბიუჯეტში დაახლოებით 70-80 მილიონი ლარი დაიზოგება.
ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით, ღარიბი ადამიანების სადაზღვეო პოლისში უფასო მედიკამენტების მიღებაც შევა. პოლიტიკური ბლოკი გეგმავს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ნუსხაში შემავალ ერთ ბენეფიციარზე თვეში 21–ლარიანი სადაზღვეო პაკეტი გამოყოს; საშუალო და იმ ფენებზე კი, რომლებიც უფასო მედიკამენტებით არ ისარგებლებენ, 15–ლარიანი სადაზღვეო პაკეტი.
N3 საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“
საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნებას ფიქროებენ „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობაში“. პროგრამის მიხედვით, ყურადღება მიექცევათ სოფლის ექიმებს, რომელთაც პარტია ყველა პირობას შეუქმნის იმისათვის, რომ მუშაობის მაღალი მოტივაცია ჰქონდეთ. გარდა ამისა პარტია მედიკამენტური საშუალების უზრუნველყოფის სახელმწიფო სქემების დახვეწას გეგმავს.
ასევე, პროგრამის მიხედვით, ბლოკი ექიმების გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას გეგმავს.
იმ შემთხვევაში თუ პარტია არჩევნებზე უმრავლესობას მოიპოვებს, სახელმწიფო საკუთარი პოტენციალის ფარგლებში სრულად დაეხმარება მათ, ვისაც არ შუძლიათ საკუთარი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.
N5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჯანდაცვის დღეს არსებული ბიუჯეტის შემცირებას არ აპირებს, თუმცა ჯანმრთელობის პაკეტის მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის შესაბამისად დიფერენცირებას გეგმავს. მაგალითად: გაჭირვებულები - წელიწადში 225 ლარის ღირებულების პოლისს მიიღებენ; ნაკლებად გაჭირვებულები - 205 ლარის ღირებულების პაკეტს; საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები - 190 ლარის ღირებულების პაკეტს მიიღებს.
ამის გარდა, „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებში კერძო სადაზღვეო კომპანიების ჩართვას გეგმავს.
N6 „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“
„პატრიოტთა ალიანსის“ მსგავსად, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნებას ფიქრობენ „რესპუბლიკელებიც“. თუმცა ამბობენ, რომ ის პირები, ვინც კერძო სადაზღვეო კომპანიებში დაეზღვევიან, ამ პროგრამას გამოეთიშებიან.
საარჩვენო პროგრამის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისთვის საყოველთაო ჯანდაცვა უფასო იქნება, ამ გეგმის გასახორციელებლად კი მთავრობას ბიუჯეტის გაზრდა არ დასჭირდება.
N8 ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“/center]
ოპონენტებისგან განსხვავებით, „პატრიოტთა ალიანსი“ დღეს არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნებას ფიქრობს. ბლოკში მიაჩნიათ, რომ ეს აღნიშნული მოქმედი ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარია, თუმცა ისინი ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტის გაზრდას ფიქრობენ.
თუმცა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების მთავარი დაპირებაა ის, რომ სახელმწიფო 75 მუნიციპალურ, სახელმწიფო ბიუჯეტით მოქმედ საავადმყოფოს აამუშავებს.
მათივე პროგრამის მიხედვით, ამ დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს ხელფასებს სახელმწიფო გადაუხდის და მკურნალობა მოსახლეობის ყველა ფენისთვის უფასო იქნება, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას რაიმე ტიპის დაზღვევა ან მაღალი შემოსავალი.
[center]N10 „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
„ლეიბორისტული პარტია“ მოსახლეობის ორ სეგმენტად დაყოფას ფიქრობს: ერთი, რომელსაც წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე ნაკლები აქვს, ხოლო მეორე, რომელიც აღნიშნულ თანხაზე მეტს გამოიმუშავებს. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშიც ზემოაღნიშნული პირველი ჯგუფი ჩაერთვება.
სხვა პარტიებისაგან განსხვავებით „ლეიბორისტები“ მედიკამენტებზე ფასების დასაკლებად ახალი კანონის ამოქმედებას გეგმავენ, რომელიც ბაზარს კონკურენტუნარიანს გახდის და წამლებზე ფასებიც დაიკლებს.
საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, პაციენტებს პროვაიდერი კლინიკის არჩევა თავად შეეძლებათ. ამასთან, კლინიკების მონიტორინგის კუთხით, პარტია არა მხოლოდ გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და ხარჯთეფექტურობის კონტროლს, არამედ მედიკამენტების ფასების კონტროლსაც გეგმავს
N27 „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“
„თავისუფალი დემოკრატები“ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის გაუქმებასა და საყოველთაო დაზღვევის გაუქმებას აპირებენ.
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით, შემოღებული საბაზისო პაკეტით, ბენეფიციარის მიერ თანაგადახდის ოდენობის დიფერენცირება მისი შემოსავლების მიხედვით მოხდება: სახელმწიფო 100%-იან დაფინანსებას უმწეოებს, პენსიონერებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებსა და 5 წლამდე ბავშვებს მისცემს, დანარჩენი მოსახლეობისთვის თანაგადახდის წილი კი მათი შემოსავლების გათვალისწინებით იქნება დაანგარიშებული.
საარჩევნო პროგრამის მიხედვით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში პაციენტებს, ნებისმიერი უახლოესი სამედიცინო დაწესებულება მოემსახურება.
რაც შეეხება მედპერსონალის გადამზადებას, მისი დაპირების მიხედვით, თავისუფალი დემოკრატები აქტიურად გადაამზადებენ ექიმებსა და ექთნებს, როგორც თბილისში, ასევე რაიონებში. ამასთან, სოფლის ექიმისა და ექთნის ხელფასები გაიზრდება ( 600-დან 1500 ლარამდე; 300- დან 600 ლარამდე).
N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”
8 ოქტომრის არჩევნების შემდეგაც, თავიანთ შექმნილ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნებას ფიქრობენ „ქართულ ოცნებაშიც“. გარდა ამისა ჯანდაცვისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება, თუმცა კონკრეტულად რამდენი პროცენტით მოიმატებს ამ სფეროზე გამოყოფილი თანხა, პარტიაში ვერ საუბრობენ.
„ქართული ოცნების“ პროგრამის მიხედვით, ეტაპობრივად დაინერგება საბაზისო, ე.წ. ესენციური მედიკამენტები, რომელიც მიზნობრივი ჯგუფებისათვის წამლების ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ასევე ნებისმიერი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება ელექტრონულად მოხდება, ხოლო პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის სხვა კომპონენტების ელექტრონულად მართვის სისტემებს „ქართული ოცნება“ ეტაპობრივად განახორციელებს.
[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით